მორის ფოცხიშვილი – “მხოლოდ ერთის წამით”
ის ცა,ის მზე,
ის მიწა და
ის მაცდური ჟამი,
მე რომ მღრნიდა,
მე რომ მშლიდა,
ბადაგოვან შხამით,
ის საუფლო,
ის ბილიკი,
ის ცრემლივით ნამი, -
ერთის წუთით დამასიზმრეთ,
კიდევ ერთის წამით!
იმ ბადეში,
იმ მორევში,
სულს რომ ვლევდი ლამის,
ერთის წუთით ჩამაბრუნეთ,
თუნდაც ერთის წამით!
იმ სიცილში,
იმ ტირილში,
იმ დრამათა დრამის
ერთ სპექტაკლში მათამაშეთ,
იქ დამკალით დანით;
იქ დამაგდეთ…
იქ დამმარხეთ…
იქ მომიღეთ ბოლო, -
იმ ხილვებით,
იმ ხატებით,
იმ ზღაპრებით მხოლოდ!!!