შოთა ნიშნიანიძე – “ნახევრად ვინ რა აღმოაჩინა”…

ნახევრად ვინ რა აღმოაჩინა,

ან ნახევარი რაა დიდება…

სრული სიცრუე უფრო გაშინებს,

თუ ნახევარი ჭეშმარიტება?

***

ვინ თქვა ნახევრად ძლევა მწვერვალის,

ან სანახევროდ ვინ თქვა მიზანი,

აუსტერლიცი და ნახევარი?

ნახევრად ბრძენი ანდა მისანი?

***

ქვეყანას ბევრჯერ არ გაუმართლდა

და გამუდმებულ სიკვდილის ქიშით,

მუდამ ნახევრად გიჟი ღუპავდა

და არა თხემით ტერფამდე გიჟი.

***

სულ ასე იყო კაცთა სიყრუე,

ერთმანეთს ბევრი ჰგავდა ეპოქა,

ნახევარ ყმობას უფრო ვიგუებთ,

ვიდრე ნახევარ ტახტს ან მეფობას.

***

სულ სწორი იყოს შენი გზა,ამინ!

ეშმაკისაგან გაუჭლიკავი,

და თუ იქნები ნახევრად რამე,

მაშინ ნახევრად ღმერთი იყავი.