პანჩატანტრას – “ხუთწიგნეულიდან”

სად მომხდარა,რომ ყორანი

გამხდარიყო ფრთაქათქათა?

ქურდს ქურდობა მოეშალა,

თუ ის მართლა ქურდსა ჰგავდა?

ყოფილიყო ცოლი მშვიდი,

საჭურისი – გმირთაგმირი?

მეფეს მონა ჰყვარებოდა

მართალი და პირდაპირი?

* * * * * * *

მართ ოდენ მაშინ დაძარი სიტყვა,

როდესაც დუმილს სჯობს ლაპარაკი,

როცა იცი,რომ დატოვებს კვალსა,

როგორც ტილოზე – კარგი ნაქარგი.

* * * * * * *

ქალი და კაცი,ხანჯალი,სიტყვა,

მეცნიერება,ჩანგი,მერანი,

ან დაგვღუპავენ,ან ბედსა გვწევენ -

პატრონის ნებით ვლიან ყველანი.

* * * * * * *

უმიზეზოდ მტრობა ვისა სმენია!

ძმობა – შვება,მტრობა – ავი სენია.

ბრძენს არ უყვარს უსარგებლო ქიშპობა,

მეგობრობით ბოროტება ისპობა.

* * * * * * *

მეგობრების სასიკეთოდ და ორგულთა საზიანოდ

იმუშავებს მუდამ ბრძენი,გაუწყდება ვიდრე ქანცი;

და ვინც მხოლოდ მუცელს ივსებს,ეშმაკების საზიაროდ,

ვინც იხვეჭს და სხვას არ არგებს – პირუტყვია,განა კაცი?

* * * * * * *

თუ გზად ვინმე ვარდებს გიფენს,

გაძლევს აღთქმას სანეტაროს,

უმიზეზოდ ზრუნვით გმოსავს

- ფრთხილად,ხიფათს არ შეგყაროს!

* * * * * * *

სპეტაკს ვერ ავნებს სიავე,

ვერც ჭორის ნისლით შებურავთ.

ცეცხლში არ იწვის ნიჟარა -

თეთრია უწინდებურად.

* * * * * * *

კაცის ზნე და ხასიათი – ოქროა თუ ეკლებია -

ნირი,წესი,ჩვეულება – ყველა აღზრდის შედეგია.