შიო მღვიმელი – “დიდებულ მოამაგის ხსოვნას” (იაკობ გოგებაშვილის)
ცამ დაჰკრა,მეხმა დასჭექა,
შეირყა მთა და ბარია;
ბუნება ძაძაში ჯდება,
მზემაც სხივები არია.
გაისმის რაღაც ბუბუნი,
თითქო გლოვა და ზარია;
რა ამბავია,რა მოხდა,
განა ვინა გვყავს მკვდარია?
იაკობ გოგებაშვილი?!
ვინც ამას ჰფიქრობს – მცდარია:
ვიტიროთ ცოცხალი მკვდარი,
ბილწი და უმეცარია,
ვინც ორ ღმერთს ემსახურება,
გულით დამპალი სარია,
არც ჩვენში არის,არც სხვაგან,
მჩვარი სუყველგან მჩვარია.
იაკობ გოგებაშვილი
ჩვენი მზე,ჩვენი დარია,
ის არ მოკვდება არასდროს
სანამ გვყავს ერთი ბღარია.
ბალღებო,თქვენი ჭირიმე,
იმედნო ჩვენი ლხენისა,
იმღერეთ: როდი მომკვდარა
მომცემი “დედა-ენისა”.
მზევ,ისევ პირი გვიჩვენე,
ცაო,შესწყვიტე ქუხილი,
ამაყის შვილებს არ მოგვდგამს
ცუდად გლოვა და წუხილი.
ვაი მას,ვისაც ალაჩრებს
სიცოცხლით წუთისოფელი:
აღარც დედა სწამს,არც მამა,
არც მიწა-წყალი მშობელი,
დადის და დაეხირება,
გვარტომის უარმყოფელი,
მზეც კი მას ზიზღით უყურებს,
მზე – ქვეყნის მანათობელი.
ცამ დაჰკრა,მეხმა დასჭექა,
შეირყა მთა და ბარია…
რა ამბავია,რა მოხდა,
განა ვინა გვყავს მკვდარია?
იაკობ გოგებაშვილი?!
ვინც ამას ჰფიქრობს – მცდარია,
ისევ ცოცხალი ვიტიროთ,
ვინც ჩვენთვის დღესვე მკვდარია!…