ვაჟა-ფშაველა – “ვიცანი,ღმერთო,სამყარო”
ვიცანი,ღმერთო,სამყარო, -
ეს შენი დანაბადები, -
იმისი ავლა-დიდება
და შიგ საგძალი ნადები;
მბოჭავს,არ მათავისუფლებს
გარს შემორტყმული ბარდები;
დღეს,გულსაცა სწვავს კუჭსაცა
გუშინ ნაჭამი ქადები.
რად გვინდა,ნეტავ სიცოცხლე,
ეს ამოდენა ამბები,
თავში სიცილი,მოლხენა,
ბოლოს – ვაი და დარდები!
განგების სათამაშოდა,
გასართობად ვართ გამხდრები;
ერთია,თუნდაც ჩვენ ვიყვნეთ
და თუნდა მინდვრის თაგვები:
გავერანდება ერთხელაც
ტურფად შემკული ბაღები,
ჩამოინგრევა დარბაზი,
და სრა-სახლების თაღები;
ცრემლს დაუწყებენ ფრქვევასა
დღეს მოლხინარი ბალღები.
ამას ბჭობს,ვისც აბარია
განგების ბჭეთა საღები.
ასეა,ვიცით კარგადა,
ამ წუთისოფლის თვისება,
ვერაფერს ვიზამთ ომითა,
არას გვიშველის გინება,
ქრთამი და ხვეწნა-მუდარა,
ხმალ-ზარბაზნების ღირება,
დიდი ჭკვა-გამოცდილება,
ქველობის გამოჩინება.
განგების გასართობნი ვართ
ჩვენის ჭირით და ლხინითა,
ამის მეტს ვერ თუ შესძლებდა,
ღმერთმა ინება იმითა -
დაგვღალოს,ოფლი გვადინოს,
მერე გაგვაძღოს ძილითა,
რომ ბოლოს სიტკბო ვიგემოთ
განმსჭვალულება ჭირითა.
ალბათ,ასე სჯობს,ჩვენ ვცდებით,
ვერ ვსაზღვრავთ ჩვენის ტვინითა
იმას,რაც წარმოსდგინდება,
სიწმინდის ჭურჭლის პირითა!