ვახტანგ ჯავახაძე – “ვიცი განგება ჩემზედაც ზრუნავს”

ვიცი

განგება ჩემზედაც ზრუნავს,

ახალ კალენდარს დავყურებ რწმენით,

ხვალ

უსათუოდ ვიპოვნი სურათს,

ხვალ

უსათუოდ მივიღებ წერილს.

ხვალ

უეჭველად ვიშოვნი წამალს,

ხვალ

სიხარული მექნება მეტი,

ხვალ

ყოველ მიზეზ გარეშე წავალ,

ხვალ

უსიკვდილოდ ყველაფერს გეტყვი.

ხვალ

ნაღველს აღარ მივიტან გულთან,

ხვალ

გამიღიმებს გულცივი ქალი,

ხვალ

რა თქმა უნდა,

ხვალ

რა თქმა უნდა,

აუცილებლად ჩადგება ქარი.

ერთის ნაცვლად ამოვა სამი

მზე და

იქნება ჩემი სამთავე…

დღეს საყვედური არ ეთქმის ამინდს,

მაგრამ ამ ლექსსაც ხვალ დავამთავრებ…