ქამალ-ედ-დინ ისფაჰანის პოეზიიდან…
როცა ცხოვრება ყოველდღიურ ფუსფუსში გადის,
ეს ხომ ცხოვრება აღარ არის,ნასახი მადლის!
მხოლოდ ჭეშმარიტ საქმისათვის შეწირულ დღეთა
შეკრებით შეკრულ დროს ვეძახით ცხოვრებას ნამდვილს.
* * * * *
თუ არყოფნაზე სამძიმია სიცოცხლე ცხადი -
რად მეშინოდეს სიკვდილისა? ვარ მისი მწადი!
თუ მიგაჩნია ძალზე მძიმედ ცხოვრების ტვირთი,
ვიდრე სიკვდილი გესტუმრება,შენ თვითონ წადი!
* * * * *
საიქიოში გვეშინია გვამების ხვედრის,
საიქიოში სასტიკ ტანჯვას გვიქადის ღმერთიც.
სადღა წავიღოთ მონაგარი ჩვენი ცხოვრების,
ორ სამყაროში თუ არ არის ადგილი ჩვენთვის?
* * * * *
ზოგი ცოდნით ამაყობს და ზოგი – საქონელით,
ზოგი ერისკაცობით და ზოგი საქმით ქველით,
მე და შენ კი საამაყო არ გვაქვს არაფერი -
თავი თვითონ დავიღუპეთ საკუთარი ხელით.
* * * * *
ვიდრე ჯანზე ხარ,შენს ცხოვრებას ნუ კლავ ეკლითა,
ბედს ნუ უარჰყოფ,გაიხარე მასთან შეყრითა.
მეორედ ქვეყნად ვეღარ მოხვალ ვეღარასოდეს,
მოუსავლეთის გზა შეკრულა მიღმა ქვეყნიდან.