“იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი” – (ეპიზოდი)
ლათინთა იმპერიის უკანასკნელი იმპერატორი – ბალდუინ II დე კურტენე (1217-1273 წლები), ეკონომიკურად ისეთ გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომ მისმა ბიზანტიელმა ვასალებმა ვალის გადახდის გირაოდ,ვენეციელ მევახშეებს ფასდაუდებელი რელიქვია - “იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი” - საიმპერატორო ეგვტერიდან გაატანინეს. (ავტორი გენია.ჯი) ვალის გადახდის ვადა რომ ამოიწურა და მევახშეებს რელიქვია უნდა დაებრუნებინათ, ბალდუინი მიხვდა, რომ ვერასოდეს მოაგროვებდა გამოსასყიდად საჭირო თანხას და შესაბამისად, ვერც ვერასოდეს დაიბრუნებდა იესოს გვირგვინს. (ავტორი გენია.ჯი) ამიტომ ბალდუინმა სასწრაფოდ აფრინა დესპანები საფრანგეთში ლუი IX წმინდასთან (1214-1270 წლები), რათა მოლაპარაკება დაეწყოთ აღნიშნული სიწმინდის გაყიდვაზე. ლუიმ თანხმობა განაცხადა გარიგებაზე და ვენეციაში ორი დომინიკელი ბერი წარგზავნა, რათა მათ ბალდუინის ვალი გადაეხადათ და სათანადო წესების დაცვითა და პატივის მიგებით წმინდა განძი პარიზში წაებრძანებინათ. ამ მსვლელობის შესახვედრად, რომელიც იესოს გვირგვინს მოასვენებდა, ქალაქ ტრუაში თავად ლუი წმინდა ჩავიდა და ფეხშიშველმა, პერანგის ამარამ საკუთარ ხელზე დასვენებული ატარა წმინდა გვირგვინი პარიზის ქუჩებში. შემდეგ კი მადლიერების გამოსახატავად და დანაკლისის ასანაზღაურებლად, ბალდუინს დამატებით გაუგზავნა ათი ათასი ვერცხლის მარკა. ძვირფასი რელიქვიის შესანახად მეფემ თავის სასახლეში წმინდა სამლოცველო ააშენა. (ავტორი გენია.ჯი) ამჟამად სამლოცველო ცარიელია, განძეული და ყველა სიწმინდე გაქრა, მაგრამ იესოს გვირგვინი, სამ ნაწილად დაყოფილი, რომელთაც ბევრი, შემდგომ ცალობით გაყიდული ეკალი აკლია, ამჟამადაც ინახება პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში. აღსანიშნავია, ის გარემოებაც, რომ გარიგების წარმატებით ფრთაშესხმულმა ბალდუნმა ხელსაყრელი პირობებით ლუი წმინდას კიდევ შესთავაზა ბევრი რელიქვია. მათ შორის “ღვთაებრივი ყრმის სახვევები”, “შუბი”, “უფლის ჯვარზე ვნების ღრუბელი”, “ბორკილები”, “იოანე ნათლისმცემლის თავისქალის ნაწილი” და ასე შემდეგ. საფრანგეთის მეფემ ბალდუნის მიერ შეთავაზებული ყველა რელიქვია შეიძინა დიდი სიამოვნებით და იგი ოცი ათასი მარკითაც კი დაასაჩუქრა ძვირფასი საეკლესიო რელიქვიების “გაჩუქებისათვის”. (ავტორი გენია.ჯი)