“უსათაუროდ!!!”
“საოცრებები პლატონის ათენშიც ხდებოდა,არისტოტელეც გარბოდა,მიქელანჯელოს ფლორენციაშიც ისროდნენ,ნაპოლეონსაც მისდევდნენ,სხვებიც გარბოდნენ… გაქცევა რეაქციაა,როდესაც მგელი მოგსდევს.ქართველიც გარბის,მაგრამ ქართველს მგელი არ მისდევს.ქართველს არავინ მისდევს,არავინ იჭერს,არც კი მისტირის… “არაფერი ” რომ არ ხდება ქართველი იმიტომ გარბის და ხშირ შემთხვევაში სწორედ ეს “არაფერია” მგელზე საშიში. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა ყველა სხვა უამრავ “სიკეთესთან” ერთად,ესეც შევისწავლეთ. XX საუკუნე – გადაადგილების საუკუნე იყო,ისევე როგორც XXI საუკუნის დასაწყისი: განვითარებადი განვითარებულისკენ მიისწრაფის,როგორც მდინარე – ოკეანისკენ,ხურდა ფული – მილიონისკენ… ქართველიც მიისწრაფის – თავისი გეოგრაფიიდან სხვის გეოგრაფიაში,სადაც არავინ ელოდება,მაგრამ მაინც მიისწრაფის – იქ ხომ გადარჩენაა შესაძლებელი…
მსოფლიო რუკა სავსეა იმპერიათა პანაშვიდებით,წარღვნებით,გაქცეული იმპერატორებითა და დახვრეტილი მეფეებით,შავი ჭირით,მანიაკებით,არისტოკრატებით და დეგენერატებით,სულელებით და გენიოსებით,სიგიჟით,დორბლით და სისხლით… მაგრამ ქართველების ქვეყანაში იციან,რომ ისტორიაში არსებობს ომზე კიდევ უფრო ძნელადგასაძლები რამ, და ეს – “ეკონომიკური გაჭირვებაა”,ეს კი გახლავთ ის “არაფერი”,რასაც ჩვენ,ყოველი მათგანი გავურბივართ… წლებია ველოდებით კარგსაც და ცუდსაც,რომელთაგანაც პირველი მათგანი ყოველთვის იგვიანებს,განსხვავებით მეორისაგან… (ავტორი გენია.ჯი) მოლოდინი ხომ ქართველთათვის ჩვეულებრივი ყოველდღიურობაა. (ავტორი გენია.ჯი) მოლოდინია – ორშაბათი,სამშაბათი,ოთხშაბათი… კვირა… გვიყვარს ქართველებს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ყოფნა და ფიქრი.ჩვენი გრამატიკა სამყაროს მუდამ მომავალ დროში “აწარმოებს”,დამხმარე ზმნის “მინდას” თანხლებით.ქვეყანაში განვითარებულმა “არაფერმა”,ქართველი კაცი იძულებული გახადა “ყველაფრის” საძიებლად ქვეყნის დასალიერშიც კი წასულიყო.სწორედ ამიტომ გარბის იგი დიდი იმედებით და ჰგონია,რომ დანარჩენი დედამიწა სწორედ მას,ერთადერთს ელოდება.
და მაინც საითაც არ უნდა გავიქცეთ,თან ორი კაცის “ხასიათი”,ორი კომპლექსი,აუცილებლად გაგვყვება: ამირანის და სტალინის.ეს ორი თითქმის თვისებადქცეული პერსონაჟი მოდერნ-ქართველს დედამიწის ყოველ წერტილში თან დევს.ამირანი,როგორც ხრიკებისა და მუსკულატურის სინონიმი,ხოლო სტალინი,როგორც ძლიერებისა და მასშტაბის მეტაფორა.
და ვერც ვერავინ გაგვამტყუნებს.როდესაც მითოლოგიაში ის კაცი გვყავს,ვინც ღმერთს ცეცხლს მოპარავს,თანაც ხერხითა და ეშმაკობით,არ შეიძლება მეც არ ვატარებდე ამ თვისებას.ამირანი ქართველის ბუნებაა.რაც შეეხება სტალინს,მისი საქმეც გარკვეულია: თუ XX საუკუნეში მსოფლიო პოლიტიკა ორმა ულვაშიანმა გადაწყვიტა,ხოლო სხვის ულვაშიანს ჩვენმა მოუგო,არ შეიძლება ამ მასშტაბმა არ შეგაწუხოს.დიქტატორები რამდენადაც სძულს კაცობრიობას,იმდენად ატყვევებს მათი სიძლიერე.მიუხედავად იმისა,რომ სტალინი ქართველი იყო წარმომავლობით,მასში არ არსებობდა ის,რითაც ქართველი შეიცნობა.თუმცა ისიც სხვათა მსგავსად “გაქცეული” იყო საქართველოდან… ჩვენი ტერიტორია ბევრჯერ გამოიყენეს და ხვალაც,ზეგაც გამოიყენებენ ბრძოლის ველად… ევროპა და აზია სწორედ აქ,კავკასიონის ქვეშ ომობს ხოლმე ყველაზე მოხერხებულად,ხან მატერიალური მიზეზებით,ხან რელიგიური მიზნებით,ხშირად ფინანსური გეგმებითაც. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ამისა,ჩვენი ქვეყანა მაინც – “მარტო-ქვეყანაა”.”მარტო-ქვეყანაში” ყოველთვის მფარველს ეძებენ,”მარტო-ქვეყანაში” ყოველთვის ეშინიათ და როდესაც სულ რაღაცის გეშინია,ესე იგი პატარა ბავშვივით რჩები და ღამე ჩუმ-ჩუმად სტირი კიდეც… ქართველი კაცი ამ საწუთროს წინაშე სრულიად მარტოა,ღვთის ანაბარა დარჩენილი.ამიტომ რა დაულევს მას დარდსა და ტკივილს.ეს ცხოვრება,რომ უკბილო ხუმრობა და უთავბოლო წაღმა-უკუღმა ტრიალია,კარგად იცის ქართველმა კაცმა,რომლისთვისაც ხშირად ქვეყნიერებას სიგრძე-განიც კი დაუკარგავს.მიუხედავად იმისა,რომ საქართველოს მშვენიერებას ანატომია არ ემორჩილება ანალიზის საჭრეთელს,ქართველები მაინც მივდივართ უცხოეთში.მივდივართ და თან მიგვყვება იმ ულამაზესი სამშობლოს ხილვის ნატვრა,რომლის სილამაზესაც უამრავმა მტერმაც კი ვერ შეჰბედა ერთი მუჭა მიწის მიყრა.უკვე წლებია გაურბის ქართველი “არაფერს”,იმ იმედით,რომ სხვაგან “ყველაფერია”… გაქცევა უნდა ამირანსაც და გარბის კიდეც,მაგრამ მას ბორკილები არ უშვებს… (ავტორი გენია.ჯი)