„მზეჭაბუკი”-ს ანუ, როგორც ჩვეულებრივ ეძახდნენ – ჭაბუა ორბელიანის ბიოგრაფიიდან მხოლოდ ზოგი რამ არის ცნობილი. 1777-1791 წლებში იგი ერეკლე II-ის მდივანბეგი იყო. გრიგოლ ბატონიშვილის დახასიათებით, ჭაბუა ფრიად განათლებული, გონებასხარტი, ენამოსწრებული “შემაქცევარი კაცი” ყოფილა, რის გამოც მეფე ერეკლეს ძალიან უყვარდა თურმე იგი.მაგრამ ამავე დროს, იმავე ცნობით, მას საკმაოდ “უშნო, მახინჯი” გარეგნობა ჰქონია. ამასთან ხასიათითაც ავი დაჰყოლია. (ავტორი გენია.ჯი) თავისი გარეგნობის და ხასიათის გამო მზეჭაბუკი მრავალ უსიამოვნებას შემთხვევია და ბევრჯერაც გამხდარა დაცინვის საგანი. მასზე განმაქიქებელი ლექსები თავის დროზე დაუწერიათ საიათნოვას, დავით რექტორსა და სხვებს. განსაკუთრებით უარყოფითად მასზე ბესარიონ გაბაშვილის ლექსს უმოქმედია. ბესიკის წარმატება მეფის კარისკაცს თურმე ეკლად ხვდებოდა და მისი ჩამომავლობაც ერთხელ აუგად მოუხსენებია. ეს ამბავი „ტანო-ტატანოს” ავტორს როგორც კი შეუტყვია, ჭაბუას შესახებ ერთობ შხამიანი სტრიქონებით გაჯერებული ლექსი დაუწერია:
მზეჭაბუკ ორბელიანს!
დამპალო ლეშო, თვალხვნეშო, გულღადარაო,
ეშმაკთ ბუდეო, ბეჭმრუდეო, კერპთ სადარაო,
არუზიანო, კუზიანო, მაწუნწარაო,
ხილვად საშიშო, გულმავიშო, გარსაგარაო,
მე შენი ქება მომენება, არ დავფარაო.
ბეჭ-მკერდი, კუზი და კურტუმი გაქვს უკუღმართი,
გვერდი, კისერი, პირის ფერი გონჯად დანართი,
უთლელის კუნძის შესაგვანი, ვერგასამართი,
სჯობს, დაიკარგო, იმალვოდე, მოგესხას ღართი!
ეს მიკვირს: სახლში რად გიშვებენ, მეტიჩარებო?!
სამართალია, არღირს იყო მაგ სახელისა,
რადგან გიწვრთნია სიცრუე და ქცევა მელისა,
შენნი მიჯნურნი ველად რბიან ბროლის ყელისა,
შენმა გახეთქამ, ეშხი მოჰკლავსთ შენის წელისა!
რა იქნება, რომ შენის პირით მზეს უდარაო?
ვინც დაგინახავს, ესრეთ იტყვის: აი ჭაბუკო!
ვინც კარგად გიცნობს, გაიღიმებს: დიდი ცრუაო!
ღამით ეშმაკსა შეგადრიან, დღისით – ბუაო,
მაგ შენმა სახემ სიცოცხლე ხომ დაგამწარაო,
მე შენი ქება მომენება, არ დავფარაო.
ამ ლექსმა ძლიერ დათრგუნა მზეჭაბუკი და ვალში არც თვითონ დარჩენია იმათ, ვინც მასზე აუგ ლექსებს წერდნენ, განსაკუთრებით კი იგი ბესიკზე იყო გაღიზიანებული და თავადაც საკმაოდ უხამსი ლექსი დაუწერა. (ავტორი გენია.ჯი) საბოლოო ჯამში, ბესიკმა, რომელიც იმ დროისათვის კრემენჩუკში გახლდათ, 1788 წელს საქართველოში გამოგზავნა რიტორიკული ეპისტოლე, სადაც მზეჭაბუკ ორბელიანს იგი დიდი პატივისცემითა და მოწიწებით მიმართავდა. ამათანავე ბესიკი სინანულს გამოთქვამდა და პატიებას სთხოვდა მას ადრინდელი უსიამოვნებების გამო. ამ წერილით მათ შორის დაპირისპირება აღმოიფხვრა და საბოლოოდ შეწყდა. ცნობისათვის, მზეჭაბუკ ორბელიანი გახლდათ შესანიშნავი ლექსის – “ძეობაში თქმულის” ავტორი, რომელიც ავტორმა ერეკლე II-ის ვაჟის – გიორგი XII-ის დაბადების დღეს დაუწერია. (ავტორი გენია.ჯი)