უილიამ შექსპირი – “სონეტი XXI”

ვერ შევედრები გულუხვობით მე იმ პოეტებს,

ვინც კალმით ნახატ წუთისოფელს რიტმებში ხატავს

და ცისქვეშეთში მიმოფანტულ მიეთ-მოეთებს

თავს უყრის ლექსში და გულისსწორს საჩუქრად ატანს.

***

ვერ შევედრები იმ პოეტებს რომელთ სწადიათ

ლექსი მოკაზმონ მზის და მთვარის ნაზი სხივებით,

რომელნიც სატრფოს გადაპენტილ აპრილს ადრიან

და ტატნობს ფეხქვეშ აგებებენ დალივლივებით.

***

ვერ შევედრები,რადგან ლექსი მხოლოდ ლექსია,

რადგან ჩემს ტრფობას ძალას მატებს მხოლოდ სიმართლე,

რადგან ვერ შევძელ სანთლის შუქი მთვარედ მექცია,

რადგან ჩემს სატრფოს მზეზე მეტი არ აქვს სინათლე.

***

სხვებმა გამართონ,დაე,სიტყვით ვაჭრობა დიდი,

მე ჩემს სიყვარულს არც ვასხვისებ და არცა ვყიდი!