ჯანსუღ ჩარკვიანი – “მონატრება”
გამოფხიზლებას ანუ კაცის განფრთხობას
მონატრება ჰქვია.
ძველ მაჩუბში სადილ-სამხრობას
მონატრება ჰქვია.
განწირულებას,არ შეიძლება რისიც შემოვლა,
მონატრება ჰქვია.
ახლა ჩვენს მირზას,მირზა გელოვანს,
მონატრება ჰქვია.
ვინც ვარსკვლავად იქცა, და ვინც შორია,
მონატრება ჰქვია.
რაც წარსულია,რაც გიშრომია,
მონატრება ჰქვია.
განცვიფრებას და მამის განრისხებას,
მონატრება ჰქვია.
როცა ხელიდან განძი გაგისხლტება,
მონატრება ჰქვია.
ვისაც და რასაც სიყვარულით გაატან,
მონატრება ჰქვია.
დიდი მოურავის პატარა პაატას
მონატრება ჰქვია.
მენატრებოდით,თორემ,
თორემ ვინ მაძალებდა
თქვენს შორის ტრიალს;
მთელი დღე ფიქრს და დღის გამწარებას
მონატრება ჰქვია.