მორის ფოცხიშვილი – “ჯვარი სწერია”

ჯვარი სწერია

ჩემს ძველ ტკივილებს,

გრიგალგადავლილ ღველფს და კერიას, -

ბებერო მცხეთავ,შენ რომ იხილე,

სწორედ იმ ხილვას

ჯვარი სწერია!

***

სულო იმღერე,სისხლო იყივლე,

სევდა სევდაა,მტერი მტერია, -

ცვარმოკიაფე და მოლივლივე

იმედის ვარსკვლავს

ჯვარი სწერია!

***

მონოტონურად მბორგავ ჭრიჭინებს,

მზემომონატრებულ ნერგს,ვით ფერიას,

მოკრიალებულ და მობიბინე

ჩვენს ლიპლიპა ტბებს

ჯვარი სწერია!

***

მიწა თუმც ყველას ერთი არა აქვს,

ო,მაგრამ ყველას ერთი ჭერი აქვს -

სწორედ იმ ერთ ჭერს,

ეკლებს და ეჭვებს,

ვით ფერად კენჭებს,

ჯვარი სწერია!

***

ჯოჯოხეთური წამებით გავლილ

დროს,შემდგომ სულ რომ

მშვენიერია,

ქვაში ჩუქურთმად ჩაწურულ ყვავილს,

ვით ხსოვნის ყვავილს,

ჯვარი სწერია!

***

ცხარე სიყვარულს,

ცეცხლს რომ მაწყურებს,

დარდის გენსა და აზრის გენიას

გზაგაბრწყინებულ ყრმებს და ასულებს,

ვით ჩვენს ლაჟვარდებს,

ჯვარი სწერია!

***

მაქვს დადრეკილი მიწაზე მუხლი,

სიჭაბუკეა თუ სიბერეა,

სისხლში სისხლის წილ

სინათლის დუღილს,

სინათლის დუღილს,

ჯვარი სწერია!

***

ფიქრით შეჭმული გულიც დღეგრძელობს,

ეს გულია თუ ობლის კვერია, -

დღემდე უთქმელო ჩემო ლექსებო,

თქვენს უთქმელობას

ჯვარი სწერია!