დომინიკა ერისთავი (განდეგილი) – “არა,არ ვსტირი…”
არა,არ ვსტირი – ცრემლები
სულით მდაბალთა წესია -
არ ვსტირი,თუმცა მწარე ხვედრს
საჩემოდ დაუკვესია.
***
ქედს არ მოვუდრეკ შავ-ბედსა,
რაკი მტრად შემომესია,
მებრძოლოს,რადგან საჩემოდ
მახვილი გაულესია!
***
არც ვილხენ! გული სალხენად
არა მაქვს აძგერებული:
შუა გადამიტყდა ჩანგური,
სატრფოსთვის აჟღერებული.
***
მტერმა მომტაცა კეკლუცი,
მორცხვი და მოკრძალებული,
გულით წრფელი და სულით-კი -
ზეცამდე ამაღლებული.
***
იმედმა ზურგი მაჩვენა,
უკუღმა დამატრიალა,
ცრემლს-სისხლის ჟანგი შესწყვიტა
სიმთა ხმა,ნაზად წკრიალა.