იოსებ დავითაშვილი – “თამარ მეფის ცხოვრებიდან”
ქართველ ქალებზე ლამაზი
ძვირია ქვეყნის პირსაო:
თამარი იყო პირველი,
ცალი მნათობი მზისაო.
***
ქვეშევრდომთ დიდი მოყვარე,
ქვრივისა,ობოლისაო,
ვეზირი ჰყავდა სწავლული,
ბადალი სოკრატისაო.
***
ლექსთა დამწერი პოეტი,
ვეფხისა ტყაოსნისაო,
შვიდას წლის წინად მომკვდარი,
დღესაც ფარანი გზისაო.
***
თამარი იყო მოყვარე,
მმოსავი მაღალ ღვთისაო,
ერთხელ შეესწრო საყდარში
შინ დაავიწყდა ქისაო.
***
საყდართან დახვდნენ გლახები,
მთხოვნელი წყალობისაო,
ეს რომა ნახა,შეწუხდა,
რად დამავიწყდა ქისაო.
***
შეიხსნა ძვირფას ქამარი,
გლახებს გადასცა ისაო…
შავი ზღვით კასპის ზღვამდინა,
სულ განაგებდა ისაო.
***
ააგო ციხე საყდრები,
ნათალი სალი კლდისაო;
შიგ დაასვენა ხატები,
ოქრო-ვერცხლის და ხისაო.
***
სამეფო საქმით მოცლილი,
ართავდა ძვირფას მატყლსაო,
ჰკერავდა სხვადასხვა რამეს,
შესამოსელსა კარგსაო.
***
როცა გაჰყიდდა,იმის ფასს
დაურიგებდა ხალხსაო:
მისი ხილვა დედობრივი
შეეძლო ყველა ქალსაო.
***
თუმც მეფე იყო,მაგრამ კი
ის იმდაბლებდა თავსაო;
კეთილი სიტყვით,სამართლით
ასამართლებდა ხალხსაო.
***
ის იყო დედა ქართველთა,
ტაძარი სიმართლისაო;
გვირგვინი პატიოსნების,
ფარანი ბნელი გზისაო.