მორის ფოცხიშვილი – “დიდება შენდა,დიდება”

დიდება შენდა,დიდება,

ფრენა,კეთილი ფრენა, -

შენი აღდგომა მჭირდება,

როგორც ურწმუნოს რწმენა!

***

დიდება შენდა,დიდება,

თასი,იმედის თასი, -

მე შენი ჰანგი მჭირდება,

ვით წყალწაღებულს ხავსი!

***

დიდება შენდა,დიდება,

კვალი,კეთილი კვალი, -

მე შენი სიტყვა მჭირდება,

ისე ვით მწყურვალს წყალი!

***

დიდება შენდა,დიდება,

ჩემი გული და ქნარი, -

მე შენი აზრი მჭირდება,

როგორც იალქანს ქარი!

***

დიდება შენდა,დიდება,

ბროლი,სპეკალი,ლალი, -

მე შენი შუქი მჭირდება,

ვით უსინათლოს თვალი!

***

დიდება შენდა,დიდება,

არსი,დუღაბი,ფუძე, -

მე შენი მიწა მჭირდება

გადასაყრელად გულზე!