ხუტა გაგუა – “ტიციან ტაბიძე” (მონოლოგი)

სიკვდილის მერეც ცოცხალივით

ვილტვოდი შენკენ…

ყოფნა-არყოფნის საიდუმლოს

ჩავწვდი წვალებით;

ცხოვრების სიბრძნე მარცვალ-მარცვალ

ჩიტივით ვკენკე,

ამაოება გამეჩხირა ყელში ძვალივით.

***

მე მაინც ვამბობ – გწამდეთ,რასაც

სიცოცხლე ჰქვია!

და ნუ ენდობით მაცდუნებელ

ხმასა და მირაჟს:

“ყველა გზა წყდება,როგორც სიმი,

სამარის პირას

და სულ ერთია – ცოტა ადრე,

თუ ცოტა გვიან…”

***

კაცი,რომელსაც ყოველივე

ბედმა წამართვა,

ჯოჯოხეთიდან,უაილდის

მკაცრი პროფილით,

მაღალ მწვერვალზე ამოვდივარ

ხელაპყრობილი,

ხარირემივით რომ შევბღავლო

სოფლის სამართალს!

***

ჩემო სამშობლოვ,ეს შეხვედრა

იყოს კეთილი!

ვეთაყვანები ოქროყანას,

მცხეთას,დედულეთს;

ამიერიდან არასოდეს გისაყვედურებ,

ოღონდ ამაოდ ნუ ჩაივლის

ეს გაკვეთილი.

***

სიკვდილის მერეც ცოცხალივით

ვილტვოდი შენკენ.