ნანა ცინცაძე – “ვეძებ”
ისე ძალიან მიყვარხარ,
ვერ გაგიმეტე ჩემთვის…
გული შეასკდა ნიაღვარს,
სულის კივილი შემშლის.
ნეტა ვის ვარქმევთ პირველს და
ნეტა ვინ არის ბოლო…
კვირტმა მიწის ქვეშ იფეთქა,
მე მელოდება მხოლოდ.
წამით გაშეშდა მსოფლიო,
წამი არ კვდება წამში.
ჯერ სისხლით ვწერდი,მოდიო, -
მერე მე თვითონ წავშლი,
ისე ძალიან მინდიხარ,
ჩემი სურვილი მეწვის.
მაინც სხვა გზებით მივდივარ,
ხიდია მხოლოდ ბეწვის.
არ მინდა შენი შეხება,
წადი,რომ სადმე გნახო,
შენი აჩრდილი მეხვეწა,
რომ ისევ ხელი ვახლო.
ეს სულ ერთია,ვინა ხარ,
არ გეკითხები სახელს.
ეს მე მინდა და მიყვარხარ
და ჩემი ხორციც ამხელს,
რომ მავიწყდება სიკვდილი,
როცა ქვესკნელშიც გეძებ.
გკარგავ… მოგიხმობ გიჟივით,
გპოულობ… შენთან ვერ ვძლებ.