სალომე ლილუაშვილი – “სანამ…”
სანამ ლოდინმა ვერ ჩაყლაპა
სიმწრისგან ნერწყვი,
საზღვართან წევხარ და საკუთარ
მოლოდინს ებრძვი.
სანამ მზერაში გამეჩხირა
აჩრდილის ბეწვი,
მზის გულზე დგახარ და შენსავე
ჩრდილს თვითონ ეტრფი.
სანამ გონება მოგონებებს მტვერს
ფრთხილად აცლის,
ტერფზე ტრიალებ და ქუსლებით
ცას მიწას აყრი.
სანამ იმედი გულივით ძგერს,სანამ
სულს გავცდი,
დროში აცდენილს დაგეწიე და…
უკან დამრჩი.