იოსებ დავითაშვილი – “მიბაძვა დავით გურამიშვილისა”
კაცი ხარ,კაცად შობილი
კაცი გიყვარდესო;
გაჭირვებულსა უშველე,
სადაც უჭირდესო.
***
ეკლესიას დახვიდოდე
ყოველ უქმე დღესო;
დავითნი და სახარება
ორივ იქა ძევსო.
***
იმათში ესე წერია:
კაცი გიყვარდესო;
კეთილისთვისა ბოროტად
ვინც ვალს გიხდიდესო,
***
სამაგიეროს ნუ უზამ
დე,თვით გადახდესო,
ჩვენსა მხსნელსაც ეს დამართეს,
კაცთა მოყვარესო.
***
კეთილისთვისა კეთილი
ჯვარზედ მიაკრესო,
ხელებში და ფეხებშია
ლურსმნები დაჰკრესო!
***
პეტრესა,იმის მოციქულს,
ტყავი გააძრესო,
ძმაო,კაცთა ხსნისათვისა
თავი იწვალესო!
***
თვით თუ მოკვდნენ,მათი საქმე
შენ ხომ წინ გიძევსო;
ეწამე შენც მათსავითა,
დეე,რაც გახდესო.
***
აბა,ეცადე კაცთათვის,
კაცი გიყვარდესო;
გაუნაწილე ყველასა,
რაც კი რამ გქონდესო.
***
საწყლებსა და დავრდომილებს,
შრომის მოყვარესო,
შენი ხსენებაც ამქვეყნად
სახსოვრად დარჩესო.