თენგიზ სვანიძე – “დარდი ამ გულზე მოზრდილი”

დარდი ამ გულზე მოზრდილი,

ახალი არა,ძველია…

სიყვარულისთვის სიკვდილი

ზოგჯერ არც ისე ძნელია.

ვინ ნახა სასომიხდილი,

ჭირთ გამძლე ჩემი ერია…

მამულისათვის სიკვდილი

ყველაზე მშვენიერია!

ამაო არის ჭიდილი

დროსთან,დრო იგივ ღმერთია!

ცოცხალშიც სუფევს სიკვდილი,

სიკვდილ-სიცოცხლე ერთია!

დავდივარ ღონემიხდილი

და მაჩევენება მყვედრიან…

მზის ჩასვლის დარი სიკვდილი

მხოლოდ რჩეულთა ხვედრია!

მზეს გულში ვიკრავ შვილივით,

მზე,მზე ვინ ნახა მომქრალი?!

რა შური? რა სიძულვილი?

რაა,არ ვიცი მომკალით!..

ჟამს ძალა მართავს ფარული,

მასში სასწაულს ელიან…

სიცოცხლე უსიყვარულოდ -

სიკვდილზე უფრო ძნელია!