ვახტანგ ჯავახაძე – “მას შემდეგ”
მას შემდეგ,
რაც ამ ქვეყნად მოვედი,
გული ლოდინით გადაიქანცა,
მარად და მარად,
ყველგან,
ყოველთვის
ველი რაღაცას,
ველი ვიღაცას.
ველი გაზაფხულს,
ლექსებს,
მეგობარს,
იანვრის თოვლს და
აპრილის მერცხლებს,
ერთი შეხვედრა როგორ მეყოფა,
მე ახალ-ახალ შეხვედრებს ვეძებ.
ხვალაც მექნება
იმედი ხვალის,_
ვერ დამიმონებს
დარდი და გლოვა,_
თუმცა ყველაზე ძვირფასი მაინც
ის არი,
ვინაც არასდროს მოვა.
ხანდახან ცაზე ღრუბლები ყრია
და ქვენა ქარი უბერავს ხოლმე,
მაგრამ მე მჯერა:
ადრე თუ გვიან,
ადრე თუ გვიან
ყველანი მოვლენ.
განიკითხავენ
კეთილს და ბოროტს,
გამოიზამთრებს სულიც კვირტივით…
ბოლოს და ბოლოს,
ბოლოს და ბოლოს,
ბოლოს და ბოლოს მოვა სიკვდილიც.
გული კი
ახალ სიმღერას ითხოვს
და ენატრება მწვანე კორდები,
დაე,
სიკვდილი მელოდეს თვთონ,
მე -
გაზაფხულებს დაველოდები.