გაბრიელ ჯაბუშანური – “მხრებზე შეისვეს ღამე სერებმა”
მხრებზე შეისვეს ღამე სერებმა,
ამ გულშიც ამის შავობს შენობა,
მოვკვდები – ბეჭზე დამეწერება,
შენზე წუხილი და უშენობა…
***
აი,ვბერდები,დამიღარია
შუბლი ნაოჭთა მდაღავ ბანდულით,
ვბერდები… მაგრამ თან მიხარია,
რომ მრჩება გული ახალგაზრდული!
***
რომ ჩემს ხსოვნაში შანთით ამოვწვი,
ეგ შენი სახე,ღიმილის მჩენი,
რომ,როგორც მარტვილს შავი სამოსი,
ისე მაცვია სიშორე შენი…
***
ო,მიხარია: როგორც მინდია,
რომ მე წმინდა ვარ,ოცნებით მქროლი,
რომ ჩემი გრძნობაც ისე წმინდაა,
როგორც ქარაფში ჩანჩქერის თქორი!
***
მხრებზე შეისვეს ღამე სერებმა,
ამ გულშიც ამის შავობს შენობა,
მოვკვდები – ბეჭზე დამეწერება,
შენთვის წუხილი და უშენობა…