კარდინალი რიშელიე – “ეპიზოდი”

საფრანგეთის ლეგენდარული სახელმწიფო მოღვაწე  - კარდინალი რიშელიე (1585-1642 წლები),წარმატების მისაღწევად, აუცილებელ პირობად მიიჩნევდა ქვეყნის შიგნით წესრიგის დამყარებას. მან მოთოკა პრინცების ძალაუფლება, რომლებიც სათავისოდ ინაწილებდნენ მთელი საფრანგეთის ტერიტორიას.ზოგი მათგანი სამშობლოდან გააძევა, ზოგს ციხე არგუნა. ბევრი აღაზევა, ბევრს კი ყოველგვარი უფლება ჩამოართვა. (ავტორი გენია.ჯი) რიშელიემ თავისი რჩევით მეფე ლუდოვიკო XIII ბურბონს საკუთარი დედა მარია მედიჩიც კი გაასახლებინა საფრანგეთიდან (მარია მედიჩი – ჯერ ბლუაში იმყოფებოდა, შემდეგ დაბრუნდა პარიზში და საბოლოო “მარცხი” განიცადა კარდინალ რიშელიესთან, რის შემდეგაც საბოლოოდ იქნა გაძევებული ქვეყნიდან და კიოლნში გარდაიცვალა 1642 წლის 3 ივლისს). რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ფრანგულმა საზოგადოებამ განსაკუთრებით მძიმედ განიცადა რიშელიეს მიერ “დუელების” წინააღმდეგ მიღებული კანონი, რომლის თანახმადაც, დუელში ცოცხლად გადარჩენილ მონაწილეს სამშობლოდან განდევნა ან სასიკვდილო განაჩენი ელოდა. ხალხის პროტესტი მით უფრო გაუგებარი ხდება მაშინ, როდესაც ამ დაუსრულებელ ორთაბრძოლებს უამრავი ადამიანი ეწირებოდა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობა. დუელების აკრძალვას არა მარტო რიშელიეს თანამედროვე ადამიანები შეეწინააღმდეგენ, არამედ ამ საკითხის გამოძახილი XIX საუკუნეშიც კი ჰქონდა… როცა რომანტიკოსი მწერლები თავიანთ ნაწარმოებებში კარდინალ რიშელიეს გადაჭარბებულ სიმკაცრეს დუელის აკრძალვაშიაც კი ხედავდნენ. (ავტორი გენია.ჯი) ერთ-ერთი უდიდესი ფრანგი მწერლის – ალექსანდრე დიუმას დაუვიწყარი რომანის “სამი მუშკეტერის” გარდა, მსგავს შეფასებას იხილავს მკითხველი ალფრედ დე ვინის რომანში – “სენ-მარი” და გენიალური ვიქტორ ჰიუგოს დრამაში – “მარიონ დე ლორმში”, სადაც მეფის მიერ შეწყალებული დუელის მონაწილენი, კარდინალ რიშელიეს გადაწყვეტილებით, სიკვდილით დასაჯეს. მმართველობის ასეთი მკაცრი სისტემა სრულიად მიუღებელი იყო იმ ადამიანებისათვის, ვინც კანონს ნაკლებად ემორჩილებოდა და ვერ ეგუებოდა თავისუფლების შეზღუდვას. ყოველივემ საზოგადოებაში კარდინალ რიშელიეს მიმართ შიში და სიძულვილი განამტკიცა. გადაწყვეტილებების მიღებისას ის ხშირად ტაციტუსის სიტყვებით ხელმძღვანელობდა და მიაჩნდა, რომ: “კანონის განსამტკიცებლად საჭირო იყო იმ ადამიანების დასჯა,ვისი დიდებაც და დანაშაულიც ერთნაირად დიდი იყო”. (ავტორი გენია.ჯი)