მორის ფოცხიშვილი – “რაღაც მახსოვს”

მე აღმომთქვეს პირველ სიტყვად, -

ღვთის ბაგეზე დამრჩა კვალი.

მახსოვს თითქოს თევზი ვიყავ,

მერე თითქოს დაშრა წყალი…

რაღაც მახსოვს,ნისლი მახსოვს,

მახსოვს,როგორც მოკლულ ყარყატს,

არსო,მონადირის მსგავსო,

შემხვედრიხარ თითქოს სადღაც.

მეჩვენება,რომ შენ ერთხელ

მაჭენებდი,როგორც ჰუნეს,

რომ წავართვით ცეცხლი ღმერთებს

და კვლავ ღმერთებს დავუბრუნეთ.

***

რაღაც მახსოვს… თითქოს ვყვირი,

არისხებენ როცა ზარებს,

თითქოს მშიერ ველურივით

სადღაც ვხრავდი დინოზავრებს.

თითქოს რაღაც მახსოვს კიდეც

ამ ცისა და ამ ზღვის მსგავსი,

მეჩვენება,რომ ამ მინდვრებს

აქვთ ნაცნობი შინაარსი.

***

მახსოვს რაღაც ძველი სიბრძნე,

სისულელეც მახსოვს თითქოს, -

ინდოეთში ატლასს ვიძენ,

იბერებში ვადნობ ლითონს.

მახსოვს,რაღაც დაჰკრეს ჩემს მხრებს,

მახსოვს გზა და მახსოვს ჯვარი…

ნუღარ დამკლავ,ვგონებ ერთხელ

უკვე დამკალ,როგორც ცხვარი.

თითქოს მდევდი,როგორც დევი,

ჯერ ლახტით და მერე თოფით,

რაღაც იყო დასანგრევი,

რაღაც იყო გასაყოფი.

***

მახსოვს,თითქოს მზე და მთვარე

უხილავი სხივის ბაწრით

ერთხელ უკვე დავიპყარით

და დავყავით ნაწილ-ნაწილ.

ვიყოფთ… ისევ ზეცას ვიყოფთ.

ზეცაა თუ მხეცის ტყავი…

რაღაც იყო… ალბათ იყო…

იყო,როცა მეც ვიყავი.