კალიგულას შესახებ…

” – ბუნებამ კალიგულა იმიტომ შექმნა,რომ კაცობრიობისათვის ეჩვენებინა,სანამდე შეიძლება მივიდეს უსაზღვრო გახრწნილებისა და ძალაუფლების ერთიანობა”.ამით,ალბათ,უნდოდა,თავისი ზიზღი გამოეხატა თანამედროვეობის “ყავისფერი კალიგულასადმი”,მაგრამ რა აზრი ჰქონდა ამას,როცა თვით ის “კეისრის ნაბუშარი” ამაყობდა ამგვარი შედარებით: “მე კალიგულა ვარო”.არ იქნა და ვერ დაცხრა პატივმოყვარეობა კალიგულასი. (ავტორი გენია.ჯი) იგი შთააგონებდა რომაელებს,რომ ღმერთები კვლავ ჩამოვიდნენ დედამიწაზე და განსახიერდნენ კალიგულას პიროვნებაში.მან რომში ჩამოაზიდვინა ოლიმპოს ღმერთების ძეგლები,ყველას თავი წაამტვრია და საკუთარი დაადგმევინა მათ ადგილას.მერე უზენაესი ღვთაების ტაძარი ააგებინა,რომელშიც იუპიტერის ნაცვლად თავისივე ძეგლი დადგა.ამის შემდეგ ხალხს აიძულებდნენ,”იუპიტერი” ეწოდებინათ მისთვის.თუ თვითონ,როგორც მოკვდავს,ეჭვი შეეპარებოდა ამაში,მუშტის ქნევით ემუქრებოდა არსთა გამგებელს:

- მეც ამამაღლე,თორემ!..

ზოგჯერ ზევს-იუპიტერის ტანისამოსს იცვამდა,მისი ქანდაკების გვერდით დგებოდა და თავის პალადინებს ეკითხებოდა:

- ვინ უფრო დიადია,მე თუ ის?

კარის მსახურებს კალიგულასი უფრო ეშინოდათ,ვიდრე ღმერთებისა, და, “რა თქმა უნდა,თქვენო”, – შეჰღაღადებდნენ მას… მხოლოდ აპოლეოსი შეაწუხა სინდისის ქენჯნამ,ოდნავ შეყოყმანდა და პასუხის გაცემა დაუგვიანა.იგი მაშინვე  მოაკვლევინა კალიგულამ.

მისი ხასიათი იყო მისივე დემონი.რასაც ხედავდა,ყველაფერი თავისი უნდოდა ყოფილიყო.იმას სწუხდა მხოლოდ,მთვარე რომ არ იყო მისი თანამწოლი. (ავტორი გენია.ჯი) ღამღამობით მთვარეულივით დაბორიალობდა სასახლის ბაღში და სარეცელისკენ მოუხმობდა ცის მნათობს.მთვარე,რა თქმა უნდა,ყურს არ უგდებდა მის ხვეწნასა და მუქარას.იგი დიდებულად მიცურავდა ცის უზარმაზარ სივრცეში.შეურაცყოფილი კალიგულა კი შეპყრობილივით ღრიალებდა,შმაგობდა და მოითხოვდა,ბორკილდადებული მომგვარეთო მთვარე საწოლში… თან იმას სწუხდა,ძალა რომ არა ჰქონდა, მზე დასავლეთიდან ამოეყვანა… სულ იმის ფიქრში იყო,შეუძლებელი როგორ ექცია შესაძლებლად: უნდოდა,ზღვები მიწით ამოევსო,მთები მინდვრებთან გაესწორებინა,მინდვრებზე კი მთები დაედგა,სასახლეები მიუვალ ადგილას აეგო ან ზღვიდან ამოეყვანა.

იგი შეპყრობილი იყო მკვლელობების ჟინითა და ტანჯვის საზიზღარი სიტკბოებით.საკუთარი ხელით აწამებდა “დამნაშავეებს” და ერთობოდა “მხიარული სიკვდილის” გამოგონებით.

- მე ვაიძულებ ტანჯვას იხარხაროს ჩემს წინაშე, – ამბობდა იგი.თუ შვილს კლავდა საშინელი წამებით,მამას აიძულებდა,ეყურებინა,მერე კი გვერდით მოისვამდა და უბრძანებდა,მხიარული სახე მიეღო.

- შეიძლება,თვალები დავხუჭო? – გაუბედა მას კაიუსმა,როცა მის ვაჟს კლავდნენ.

კალიგულამ ჯერ შვილი მოაკვლევინა,მერე – “თავხედი მამა”.სისასტიკე იყო მისი სტიქია,ამისათვის შესთხოვდა ღმერთებს,”განავრცეთ ჩემში პირუთვნელი სისასტიკეო”.კლავდა ნელ-ნელა,რომ დამტკბარიყო მომაკვდავთა აგონიით. (ავტორი გენია.ჯი) მისი აღმზრდელი ტიბერიუსი ამბობდა: “მე ვზრდი მორიელს საკუთარი თავისა და ქვეყნის დასაღუპავადო”.დაიღუპა კიდეც.კალიგულამ რომ მოაწამვლინა იგი,თვითონ ბალიში დაადო სახეზე,დააწვა და გაგუდა.საკუთარი ძმაც აღარ დაინდო,აღარც მშობლები და დები.იმით ამაყობდა,სისხლის აღრევის შედეგი რომ იყო, და თვითონაც მრუშობდა საკუთარ დებთან.წვეულებაზე რომელიმე პატრიციუსის მეუღლე თუ მოეწონებოდა,ყოველგვარი მორიდების გარეშე გაიყვანდა მეზობელ ოთახში,მერე ისევ “გამხიარულებულ” ქმარს მიჰგვრიდა და აიძულებდა,მადლობაც ეთქვა.

მისი იმპერატორობის ოთხი წლის მანძილზე,არ არსებობდა მკრეხელობა და სიბინძურე,რომელიც მას არ ჩაედინოს.ამიტომ იმ სიტყვებით დავასრულებ მასზე თხრობას,რომლითაც პოსტი დავიწყე:

” – ბუნებამ კალიგულა იმიტომ შექმნა,რომ კაცობრიობისათვის ეჩვენებინა,სანამდე შეიძლება მივიდეს უსაზღვრო გახრწნილებასა და ძალაუფლების ერთიანობა”.