მუხრან მაჭავარიანი “გოდება ცოტნესი (უკვე ღრმად მოხუცისა)”
ეს რაო გვიყავ?! -
ვის ხელში ჩაგვყარე ზენავ?! -
გვრიტ არს ამათთან შედარებით თვით ყრუ მურვანი!
კაცი დავბერდი,
მე ამათი გავიგე ვერრა:
ჩვენი ამ რეგვენთ
არა მარტო არ მოსწონთ ენა,
ასე განსაჯე,
გვიწუნებენ ზოგჯერ პურ-მარილს,
თავი თვითეულს ისე ყინჩად უჭირავს ჩვენში, -
თითქოს ის ჩვენთან კი არ იყოს,
ჩვენ ვიყოთ მასთან…
ასი წელია სულსა ღაფავს ქართლი მათ ხელში
და კიდევ ასე,
ღმერთმა იცის – რამდენხანს გასტანს.
კი მაგრამ ღმერთი აღარაა?! -
სადაა?! – თუა?! -
ასე აბუჩად შეიძლება აგდება ერის?!
ბედი ქართლისა გადაწყვიტა ვინც ორწყალშუა,
ჩვენი უმტრესი ის გამოდგა დაბოლოს მტერი.
რაც მოვითმინეთ მოთმინებად მე მგონი კმარა! -
დროა მივბაძოთ გმირთა ძველთა, -
კაცთა უწინდელთ!
ცოტნეს თავისი წელზე ერტყას დადიანს ხმალი
და საქართველოს მამულს მისას ასე უჭირდეს?!
კი მაგრამ ღმერთი აღარაა?! -
არადა როა?!
ვაი დედასა! – რა უბრალოთ წავაგეთ ჭკუა!
ვის შევეყარეთ! -
ეს ვინცხაა მურვანზე ყრუა!
როგორც ვიყავით,
ვიმყოფებით კვლავ ორწყალშუა!