შოთა ნიშნიანიძე – “უფალო შეგვიწყალე”
უფალო შეგვიწყალე,უფალო შეგვიწყალე
ცოდვილნიც… უცოდველნიც… დიდებიც,პატარებიც…
ვაიმე,ქართველები შევიცვალეთ -
ბევრი ვართ ტახტრევანით და კისრით სატარები.
შინაურ-გარეულნი ერთმანეთს თაკილობენ,
ჩქარობენ,ერთმანეთი გადათელონ.
უფალო,დაიფარე გოდოლი ბაბილონის -
ვულკანზე შემდგარი საქართველო.
უფალო,შეაჩვენე სიმართლე მოსყიდული,
ამნაირ ერისკაცთა ჭერს მარიდე,
უფალო,შეაჩვენე ეშმაკის მოციქულნი,
ამრავლე,აძლიერე გმირები ჭეშმარიტი.
უფალო,შეგვიწყალე,რამეთუ ცოტანი ვართ,
ნუ დაგვსჯი სიმცირით,მწიროვნებით,
შვილები გაგვიზარდე დემეტრე – ცოტნეებად,
ნინო და გიორგი მყავს ნათლია-მირონები!
უფალო შეგვიწყალე და ბნელი ანათელე,
უფალო,შეგვიწყალე დიდებიც… პატარებიც…
არც ისე პატარაა ეს ჩვენი საქართველო,
არც ისე საწყალია და ხელით სატარები.