ელგუჯა ამაშუკელი – “იყალთოს მუხლზე დავვარდი”
იყალთოს მუხლზე დავვარდი,
გრემს გავუშტერე თვალია,
ვნახე შვილივით ნაზარდი,
ვაზი სექტემბრით მთვრალია.
კვეტარს ღაწვს ცრემლი დაგორდა,
ნეკრესს – ღიმილის დარია,
უგამჭირვალეს აკორდად,
ქარმა ღრუბელი არია.
ჩამოუქროლა ნიავმა,
ცაც ცოტა ნაავდრალია,
სიტყვა წამცდა და მიამა,
მიამა ისე ძალიან…
გამოჩნდა თეთრი ქალაი -
ირწევა ალვის ტანია,
მითხრა მწყაზარი სალამი,
შურით აღავსო სხვანია.
მაგ გოგოს ცალად გოგმანი
ცოდვა არი და ბრალია,
მხარზე ნაწნავი გორგალი
წითელი ნაღვედრალია.
მაგისთვის უხმოდ ჩამოხმა
მავან-მავანი ვაჟია,
ალაზანს გაღმა-გამოღმა
მზე იკლავს თავის ხვაშიადს…
მღერის დახრილი ირიბად
დიდი საწნახლის ღარია,
ვზი და ბავშვივით ვტირივარ,
მზის სიხარულის ღვარია.