ფრანსუა ვიიონი – “ანდაზების კრებული”

იმდენი ალტვეს,გაფოთლეს ძელი,

იმდენი ჩხიბეს,დახარეს პინა,

იმდენი ბერეს,გაცეტდა ბრძენი,

იმდენი კვერეს,დაიმსხვრა რკინა,

იმდენი აშრეს,დაულპათ ხილი,

იმდენი ფიცეს,დაკარგეს ნდობა,

იმდენი კოცნეს,გაგუდეს ჩვილი,

იმდენი უხმეს,მობრუნდა შობა.

***

იმდენი ფერის,გალიეს ხმალი,

იმდენი მწყემსეს,გაფანტეს მრევლი,

იმდენი ჩქმიტეს,შვილს ელის ქალი,

იმდენი ვბუქნე,შემხვდება ცრემლი,

იმდენი აზრი,რამდენიც თავი,

იმდენი გმობა,რამდენიც მკობა,

იმდენი ჩასხდა,ჩაინთქა ნავი,

იმდენი უხმეს,მობრუნდა შობა.

***

იმდენი რეკეს,დაეხშოთ სმენა,

იმდენი კვალეს,წაშალეს კვალი,

იმდენი თმენა,რამდენი რწმენაც,

იმდენი ხვალე,რამდენიც ვალი,

იმდენი ხეხეს,გავარდა ძირი,

იმდენი ქარგეს,მოირღვა ქობა,

იმდენი ჭირი,რამდენსაც ვყვირი

იმდენი უხმეს,მობრუნდა შობა.

***

პრინცო იმდენი აყმუვლეს მგლები,

იმდენი მოძღვრეს,ანატრეს ცხვრობა,

იმდენი ურტყეს ,დაბრძენდა შლეგი,

იმდენი უხმეს,მობრუნდა შობა…