მანანა ჩიტიშვილი – “ერთი სიკვდილი რას მომკლავს”

ეგრე რად სტირი,გვირილავ,

ცრემლით რად ითხრი თვალებსა,

გითხარი,ნიავს უყვარხარ,

თავს იმად დაგტრიალებსა.

ხომ ნახე,ლურჯმა პეპელამ

რა ყოფით მოგიალერსა.

ცამ მარგალიტი გაპკურა,

მზე გიკოცნიდა თვალებსა.

მე შენებრ მიჯნურს ვნატრულობ, -

ლაღსა,ფერმკრთომიარესა,

ამოვა ცისკრის ვარსკვლავი,

ამოანათებს არესა.

ამოიყოლებს სურვილსა,

რიჟრაჟზე მოანკარესა,

საკინძის ღილებს შემიხსნის

მარცხენა ძუძუს მხარესა.

უცხოდამც ჩამეტოლება,

უცხო სურვილით ჩამლევსა,

ვერც გათენებას შევიტყობთ,

ვერც ვიგუმანებთ მთვარესა,

ერთი სიკვდილი რას მომკლავს,

მის მკლავზე მწოლიარესა.