“ილია ჭავჭავაძის წარმოთქმული სიტყვა სოხუმში”
“ბატონებო! დიდის პატივისცემით მოგესალმებით,ბედნიერი ვარ,რომ ვხედავ ჩვენს საერთო მშვენიერ სამშობლოს კალმით დახატულ კუთხეს და მის მოსახლე მშვენიერსავე ხალხს.მადლობელი ვარ თქვენი დახვედრისათვის,ჩემი პატივისცემისა და დღეგრძელობისათვის!
თქვენ რომ გიყურებთ,გულს იმედი და სასოება ჩამესახა.ვფიქრობ,რომ ჩვენი ქვეყანა წინ მიდის,მტერს ეგრე ადვილად არ დავეჩაგვრინებით.აქ რომაელთა ერთი თქმა მაგონდება: სინათლე აღმოსავლეთით გვევლინებაო.თქვენ რომ გიცქერით,ეს თქმა ასე უნდა შევცვალო: სინათლე დასავლეთიდან მოდის საქართველოსათვის მაინც-მეთქი! თქვენც მიხვედრილი ბრძანდებით,რომ დღევანდელს ცხოვრებაში სუფრის თავში ის ერი დაჯდება,ვინც ირჯება,ვინც მუდამ შრომობს,ვინც ცდილობს ეკონომიურად წელში გამაგრდეს.ვინც ამას არა ფიქრობს,ვინც სხვას შეჰყურებს,აცა,ეგებ რამე გაჰვარდეს ხელიდან და მე ავიღოო,ის ხალხი ტყუილა ნუ ელის შორი მანძილი გაიაროს ცხოვრებაში,ტყუილი იმედი ნუ აქვს ცხოვრების ჭიდილში ფონს გავიდეს; (ავტორი გენია.ჯი) ასეთ ერს,ვიმეორებ,დარწმუნებული უნდა ვიყოთ,საკაცობრიო ცხოვრების სუფრაზე ადგილი არ ექნება,გემრიელი ლუკმა ცხვირზეით ასცთება,ნასუფრალი თუ ხვდა,ღმერთს მადლი შესწიროს.ყველასაგან გათელილი,ყველასაგან დაბრიყვებული,ყველაფერში ჩამორჩენილი,ყველასაგან ყბადაღებული ისაა,ვისაც თავის მარჯვენის იმედი არა აქვს,ვინც თავისი ძალღონით არ ჰლამის ლელოს გატანას ცხოვრების მოედანზე.
თქვენი მოძმენი,აღმოსავლეთ საქართველოს ქართველები,იმითი ვართ შესაბრალისნი,რომ მეტად ტაატით მივდივართ ეკონომიური მოღონიერებისაკენ.იქ ყველანი ჩვენ გვჩაგრავს,თავზე გვასხდებიან.აქ,თქვენ რომ გიყურებთ,გული მინათდება,სასოებით მევსება: მთელი ქალაქი თქვენს ხელშია; აქაურობის ბატონ-პატრონი თქვენა ხართ; გეტყობათ,დღესა და ღამეს ასწორებთ,ცდილობთ,უკვე შეძენილს კიდევ მიუმატოთ,თქვენი ქონება ერთი-ორად აქციოთ,ფხიზლობთ,ყური მახვილად გიჭირავთ,საიდან როგორ უკეთესად და სარფიანად მოაგვაროთ თქვენი საქმე,ამისთვის თქვენთვის გამჩენს შნო მოუცია და ამ შნოთი შნოიანად სარგებლობთ კიდეცა.მერწმუნეთ,თუ ქონებრივად ღონივრები იქნებით,ყოველივე სიკეთე ამქვეყნიური თავისით მოგადგებათ კარზე.თუ ეკონომიურად წელში გავიმართებით,ჩვენი სამშობლო,მამა-პაპათაგან ნაანდერძევი,შეგვრჩება,ვერავინ წაგვართმევს; თუ ვაჭრობას,თანამედროვე ცხოვრების ამ მთავარ ძარღვს ვუერთგულეთ,ბურთი და მოედანი ჩვენია,ლელოს გატანაში ვერავინ შეგვეცილება.რომ მოგახსენეთ: საქართველოს სინათლე დასავლეთიდან მოდის-მეთქი,იმიტომ მოგახსენეთ,რომ დასავლეთ საქართველოს ქართველობამ აღმოსავლეთ საქართველოს მოძმეებს მაგალითი უნდა უჩვენოს სიფხიზლის,ცხოვრებაში ბრძოლის უნარის გამოჩენისა,უნდა ასწავლოთ,რომ იმათაც ამავე გზით იარონ,იმათაც თქვენ მოგბაძოთ,ერთობლივი,მამა-პაპათაგან ნაანდერძევი ტურფა და მდიდარი ქვეყანა შევირჩინოთ,სხვას მისი დაპატრონების მადა არ გავუღვიძოთ,მოსეულს ათასგვარ მტერსა და დუშმანს კრიჭაში ჩავუდგეთ,ხმალამოღებული დავუხვდეთ,ჩვენზე არ გავაცინოთ.
მაშ,გაგიმარჯოთ,ბატონებო! ჩვენი ქვეყნის აღორძინების პირველო მერცხლებო! გაუმარჯოს თქვენს გამჭრიახობას,სიმკვირცხლეს! ჩვენი ხალხის,ამერ-იმერეთის,მთლად ჩვენი ხალხის სანუგეშოდ და წარსამატებლად”. (ავტორი გენია.ჯი)
P.S. “დიდი ილიას” აღნიშნული სიტყვა,სტენოგრაფიული სიზუსტით ჩაწერილ და ჩვენამდე მოღწეულ იქნა ასევე დიდი ქართველი მამულიშვილის,მწერლის,მთარგმნელისა და საზოგადო მოღვაწის – თედო სახოკიას მეშვეობით.