ანზორ აბულაშვილი – “ყველაზე მეტი”

სიცილის მეტი რა ისმის,

მაგრამ

ტირილზე მეტი არ არის…

და გვანუგეშებს ჰანგი სუფრულის…

თუ უზრუნველი ჰარი-ჰარალის.

რაგინდ ხანგრძლივი სიცოცხლე

გვქონდეს,

სიკვდილზე მეტი მაინც არ არის.

იგი ნიბლიას ნარზე ძილია,

ჩამოქროლება წამში ალალის…

მაგრამ ყველაზე უკუნი ღამეც

მზის წარუშლელი მაინც არ არის,

იმის ბრიალში ვის აგონდება

მარადიული ძაძა სამარის…

ერთხელ მოფრენა,

ერთხელ ჭიკჭიკი

და ერთხელ ცაში შეკვრა კამარის,

სწორედ ამიტომ ცრემლის მდინარე

ემაგ ღიმილზე მეტი არ არის.

რისი მეფობა -

ცუდმედიდობა

და თავაღერა ჩვენში მრავალის,

მათი განცხრომის სიტკბო-ზმორება

ჯვარცმაზე უფრო ტკბილი რამ არის.

და კიდევ ერთი,

ჩემო კეთილო,

შვილო და ძეო დედა თამარის,

რაც უნდა დიდი იყოს ქვეყანა,

საქართველოზე მეტი არ არის.