იოსებ ნონეშვილი – “მედეა”
აქ,ქალაქ არგოში,
კორინთოს მახლობლად,
ძველი ბურჯები რომ ჩანან,
უეცრად მომესმა გოდება კოლხური:
ვაი ნანაია,ნანა…
***
წვიმს… ალბათ ეს შენ ხარ
ცრემლებად დაძრული
და გინდა არც გაიდარო…
კოლხეთის ყველაზე ლამაზო ასულო,
ჩემო დატანჯულო დაო.
***
თავი შეგაყვარა ბერძენმა სასიძომ,
შენც პირველ სიყვარულს ენდე.
ელინს წარგიტაცეს
და ოქროს ვერძივით
გაგყარეს მშობლიურ ქედებს.
***
მაგრამ სხვის მიწაზე ვის გაუხარია,
შენ რად დაგინდობდნენ,ქალო,
თუ ასე ლამაზი,
ბრძენი და კარგი ხარ,
ბერძენი რად არა ხარო?!
***
ჯერ გაგადედოფლეს…
სიმდიდრეც კოლხური
უხვად დაახვიეს ელინს.
მერე კი მეუღლემ
გაგცვალა გიმუხთლა,
გაცივდა ამბორი ცხელი.
***
უარგყვეს შურით და ღალატით დევნილი,
მფარველი ღმერთიც ვერ გცნობდა
და ვინ უწყს…
დაგწამეს თუ ჩაგადენინეს
ქვეყნად უმძიმესი ცოდვა.
***
შეგარქვეს გრძნეული,
ბოროტი,ავსული,
რა აღარ გიწოდეს ნეტავ…
კოლხეთის ყველაზე ბედკრულო ასულო,
ყველაზე ტანჯულო დედავ.
***
შენი დედულეთი აქედან შორია,
ვაი რომ ვერასდროს ნახავ…
იქ ბევრი მედეა,
თამარი,
შორენა
შენს ბედზე დარდობენ ახლაც.
***
მედეა…
მედეა…
ღმერთმანი,მერწმუნე,
ცრემლსა და ბოღმაში ვახვევთ
ქართველი ასულის ჩვენამდე მოღწეულს,
სულ პირველ,
შორეულ სახელს.
***
სხვაგან
სხვის მიწაზე ვის გაუხარია,
შენ რად დაგინდობდნენ,ქალო.
თუ ასე ლამაზი,
ბრძენი და
კარგი ხარ,
ბერძენი რად არა ხარო?!
***
წვიმს…
ალბათ ეს შენ ხარ
ცრემლებად დაძრული
და გინდა არ გაიდარო…
კოლხეთის ყველაზე ტანჯულო ასულო,
ჩემო შორეულო დაო.