“წმინდა ამბროსი ხელაიას მიმართვა გენუის კონფერენციას”
ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელმა,კათოლიკოს-პატრიარქმა - ამბროსი ხელაიამ (1861-1927 წლები),მთელი მისი შეგნებული სიცოცხლე რწმენასა და სამშობლოს სიყვარულის,დაცვის სადარაჯოზე გაატარა,კომუნისტების მიერ ქვეყნის ოკუპაციისა და რწმენის შებღალვის გამოისობით აღშფოთებულმა დიდმა ქართველმა პატრიარქმა,გენუის კონფერენციაზე გაგზავნა მიმართვა,რომელსაც აქვე შემოგთავაზებთ:
“კულტურულ კაცობრიობას,გენუის კონფერენციაზე წარმოდგენილს მონა ღვთისა ამბროსი,სულიერი მწყემსი და პატრიარქი სრულიად საქართველოსა,ქრისტეს მიერ სიყვარულით მოიკითხავს.
ჯერ კიდევ არაქრისტიანულს ხანაში,კავკასიის ძირში,შავისა და კასპიის ზღვებს შორის,ქართული მოდგმის ტომებმა შეჰქმნეს პატარა სივრცით,მაგრამ ძლიერი ნებისყოფით და მდიდარი აქტუალური ნიჭით სახელმწიფო,რომელიც ცნობილია ისტორიაში საქართველოს სახელით და რომელიც საუკუნეების განმავლობაში ერთადერთი მატარებელი იყო წინა აზაში ქრისტიანული კულტურისა და ევროპილი ჰუმანიზმისა.
მეთვრამეტე საუკუნის გასულს,გარეშე მტრებთან ბრძოლაში ძალამიხდილი ქართველი ერი ნებაყოფლობით მიეკედლა ერთმორწმუნე რუსეთს იმ იმედით,რომ მისი მფარველობის ქვეშ საქართველო უზრუნველჰყოფდა თავის პოლიტიკურსა და ეროვნულ არსებობას,რაიცა აშკარად არის აღნიშნული 1783 წლის საქართველოს მეფის ერეკლე მეორისა და რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე მეორის შორის დადებულს პოლიტიკურ ტრაქტატში,მაგრამ,სამწუხაროდ,გაცრუებული იმედების ამარა დარჩენილი ჩემი სამშობლო 117 წლის განმავლობაში რუსეთის ბიუროკრატიისაგან განიცდიდა მხოლოდ მწვავე დესპოტიასა და აუტანელ შევიწროებას. (ავტორი გენია.ჯი) ამიტომ 1917 წელს დაირღვა თუ არა რუსეთის იმპერიის ხელოვნურად მთლიანობა,ქართველმა ერმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა და დაუყონებლივ ხელი მოჰკიდა თავისი პოლიტიკური და ეროვნულ-კულტურული ცხოვრების რესტავრაციას.,იუხედავად იმისა,რომ ამ მუშაობაში მას აფერხებდნენ შინაური და გარეშე მტრები,მან გამოიჩინა ისეთი ნიჭი და ეროვნული შემოქმედებითი ენერგია,რომ სამი წლის შემდეგ განათლებულმა ევროპამ სცნო მისი სახელმწიფოებრივი უნარი და ადგილი უბოძა საქართველოს დამოუკიდებელ,სუვერენულ პოლიტიკურ ერთეულთა შორის.რასაკვირველია,ამას ვერ შეურიგდებოდა მისი ყოფილი ბატონი,მცირე ერთა მჩაგვრელი რუსეთი: მან დასძრა საქართველოს საზღვრებისაკენ საოკუპაციო არმია და 1921 წლის 25 თებერვალს,პატარა,უსწორო,ბრძოლაში სისხლიდან დაცლილ საქართველოს ხელმეორედ დაადგა უღელი. (ავტორი გენია.ჯი) რომლის მსგავსი მას არ განუცდია თავის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში.ოკუპანტები,მართალია,ლამობენ შინ და გარეთ ყველანი დაარწმუნონ,რომ მათ გაანთავისუფლეს და გააბედნიერეს ქართველები,მაგრამ რამდენად ბედნიერად ჰგრძნობს თავს ქართველი ერი,ეს ყველაზე უკეთ ვუწყი მე,მისმა სულიერმა მამამ და დღესდღეობით ერთადერთმა ნამდვილმა მოძღვარმა,რომლის ხელშია ამ ერის გულიდან გამომავალი იდუმალი ძაფები და რომელსაც უშუალოდ ესმის მისი კვნესა და ვაება.თამამად და გაუზვიადებლად ვამბობ,რომ ის ყოვლად შეუფერებელი ექსპერიმენტები,რომელთაც ახდენენ ქართველი ერის ზურგზე,აუცილებლად მიიყვანს მას ფიზიკური გადაშენების და სულიერად გაველურების და გახრწნის კარამდე! ერს ართმევენ მამა-პაპათა სისხლით და ძვლებით გაპოხიერებულ მიწა-ტყეს,რომელსაც უცხოეთიდან შემოხიზნულთ ურიგებენ: მათი წყალობით ისედაც გაღატაკებულ ერს პირიდან ჰგლეჯენ მისი სისხლითა და ოფლით მოწეულ სარჩოს და გაუგებარი სიჩქარით იმავ უცხოეთში მიეზიდებიან,ერს უგმობენ და ართმევენ მშობლიურ ენას,მას უბილწავენ წმიდათა-წმიდას – სარწმუნოებრივ გრძნობას და სინდისის თავისუფლების დროშის ქვეშ ნებას არ აძლევენ თავისუფლად დაიკმაყოფილოს რელიგიური მოთხოვნილება; მისი სამღვდელოება უკიდურესად დევნილია; მისი ეკლესია,ეს ძველის ძველთავე ფაქტორი საქართველოს ეროვნულ-სარწმუნოებრივი ამაღლებისა და ძლიერებისა,დღეს უფლებააყრილია იმდენად,რომ ნებაც კი არა აქვს თავისი შრომით,გარჯილობით და უნარით მოიპოვოს მუდმივი სახსარი არსებობისა.ერთი სიტყვით,ერი კვნესის,ერი გმინავს,მაგრამ საშუალება არა აქვს ხმის ამოღებისა.ამგვარ პირობებში ჩემს მწყემსმთავრულ მოვალეობად ვრაცხ კულტურული კაცობრიობის გასაგონად ვსთქვა: მე,როგორც ეკლესიის წარმომადგენელი,არ შევდივარ პოლიტიკური ცხოვრების სხვადასხვა ფორმების დაფასებასა და რეგლამენტაციაში,მადრამ არ შემიძლია არ ვისურვო ჩემი ერისათვის ისეთი წყობილება,რომელიც შედარებით უფრო მეტად შეუწყობს ხელს მის ფიზიკურ აღორძინებას და კულტურულად განვითარებას.ამიტომ ვითხოვ:
1. დაუყონებლივ გაყვანილ იქნეს საქართველოს საზღვრებიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარი და უზრუნველყოფილი იქნეს მისი მიწა-წყალი უცხოელთა თარეშობისა და მძლავრობა-მიტაცებისაგან.
2. საშუალება მიეცეს ქართველ ერს თვითონ,სხვათა ძალადაუტანებლივ და უკარნახოდ მოაწყოს თავისი ცხოვრება ისე,როგორც ეს მას უნდა,შეიმუშაოს ისეთი ფორმები სოციალ-პოლიტიკური ცხოვრებისა,როგორიც მის ფსიქიკას,სულისკვეთებას,ზნე-ჩვეულებას და ეროვნულ კულტურას შეესაბამება.
სრული იმედი მაქვს,რომ მაღალ პატივცემული კონფერენცია,რომელსაც მიზნად დაუსახავს გაარკვიოს უდიდესი პრობლემები კაცობრიობის ცხოვრებისა და დაამყაროს ქვეყანაზე სამართლიანობა და თავისუფლება,არ უგულებელყოფს პატარა საქართველოს ელემენტარულ მოთხოვნილებას,დღეს ჩემი პირწამოთქმულს,და დაიხსნის მას ძალმომრეობისა და სამარცხვინო მონობის კლანჭებიდან.
კურთხევა უფლისა იყოს თქვენზედა და თქვენს კეთილშობილურ მისწრაფებასა და მუშაობაზე”.
მდაბალი ამბროსი,პატრიარქი სრულიად საქართველოისა.
7/II – 22 წელი ტფილისი. (ავტორი გენია.ჯი)