შალვა საბაშვილი – “დამნაშავე ვარ”
რამდენი ვინმეს წინაშე მიძღვის აუწონავი ბრალი,
ეს იმიტომ,რომ გადამიყვარდნენ,მათით აღარ
ვარ მთვრალი.
ვიცი,მიზეზი აქვთ მრისხანების,მაგრამ არ
ძალმიძს შველა,
ჩემგან უზომოდ ზეატყორცნილი ძირს
დაენარცხა ყველა.
***
რად მოვიხიბლე,რად გავაღმერთე,რად გავუყენე
გრძელ გზებს?
თითოეული მკრთალად ბრწყინავდა თავის
პატარა ველზე.
***
იყვნენ სრულიად მოკრძალებულნი,ხოტბა არც
არვის სურდა,
მაგრამ ამ ტრფობით მათი სიმშვიდის ვიქეც
უნებურ ქურდად.
***
სულ სხვაა,როცა არ გაქვს რაღაცა,მაგრამ
როდესაც სურვილს
ჩაგაწვეთებენ მისი ქონისას – ეს მოხვედრაა
ჭურვის.
***
მე მათ ვაჩუქე აღფრთოვანება,ზეაღტაცება
დიდი,
მერე წავართვი – ეს იმას ნიშნავს,წყალზე
ჩაგიტყდეს ხიდი.
***
ეს იგივეა,ვინმეს უწყალოდ ცა ჩამოამხო თავზე,
უცებ წაართვა სასახლეები,თვალმარგალიტით
სავსე.
***
ო,წინათ მათთვის ყოფის სიმკრთალე ჩვეული
იყო ასრე,
მაგრამ ზეციდან კვლავ ძირს ჩამოსმა თვითეულ
მათგანს გასრესს.
***
დიდი ცოდვაა და ბოროტება გადასვლა
ნაპირებად,
თუნდაც ხუმრობით – მთელი სამყაროს ჩუქების
დაპირება.
***
ამიტომ მართლაც ბევრის წინაშე მიძღვის ულევი
ბრალი,
რადგან მოვაკელ უსაზღვროდ ბევრი – მათით
აღარ ვარ მთვრალი!