მორის ფოცხიშვილი – “ღმერთმა გაშოროს”
ღმერთმა გაშოროს ფათური,
ძიძგილაობა,ჯიბრი,
არაქართული ქართულით
აზვირთებული წიგნი.
***
არამხატვრული მხატვრული,
ვით უდარდელი დარდით
არაკაცურად ნატრული
ანგელოსური მადლი.
***
არაჯალათი ჯალათის
შუბი წამახულ წვერით,
არა ძმაკაცი ძმაკაცი
და არამტერი მტერი.
***
გაშოროს სხვათა ნათესი,
ჯილდო ნაყიდი ვერცხლით,
უსიყვარულო ალერსი
და უსინათლო ცეცხლი.