ირაკლი აბაშიძე – „ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ”

ო, ენავ ჩემო,

დედაო ენავ,

შენ ჩვენო ნიჭო,

სრბოლავ და ფრენავ,

შენ, ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო,

შენ ჭირთა ჩვენთა დიდო მალამო,

შენ კირო ჩვენთა ქვათა და კირთა,

შენ ერთი შემრჩი სამარის პირთან…

ნათესავს ათასს,

მეგობარს ათასს,

მრუდსა და მართალს,

მტერთა და ძმათა,

დავშორდი,

მორჩა,

ყველა მოთავდა,

მშვიდობა ვუთხარ ყველა მოკვდავთა,

მხოლოდ შენ უკვდავს,

მხოლოდ შენ მარადს,

შენ-ერთს,

შენ ვერ გთმობ,

სამარის კარად.

თუ რამ მზე მზამდა,

თუ რა მზე მწვავდა,

უტკბილეს დღეთა,

უტკბილეს წამთა,

უტკბესი შენ ხარ, ენავ დედაო,

შენ,მწარე ლხინო,

ტკბილო სევდაო,

შენ,ყოვლის მთქმელო,

ყოვლის არ მთქმელო,

შენ, გმირთა გმირო,

ბრძენო ქართველო,

წარსულის ძეგლო,წინ გამხედავო.

ქვესკნელში მძრომო,

ცაში მჭვრეტელო,

ხან-ფუნჯო ჩემო,ხან-საჭრეთელო,

შენ,აკვნის ჰიმნო,

ცრემლო სამარის…

იბერის ენავ,

ენავ თამარის,

შენ,ნიჭო ჩემო,

სრბოლავ და ფრენავ,

დედაო ენავ,დედაო ენავ.

დაეცეს იქნებ,სიმაგრე ყველა,

მოისრას, იქნებ,ყველა ყრმა ველად,

დაედოს მტვერი ყველა დიდ ხსოვნას,

დააკვდეს აზრი ნაპოვნის პოვნას,

ყოველ ნერგს,იქნებ დაატყდეს მეხი,

ყოველ ძეგლს,იქნებ,დაედგას ფეხი,

მხოლოდ შენ, უჭკნობს,

შენ,ხატად ქცეულს,

რა დრო,რა დასცემს,

შენს უკვდავ სხეულს?

ო ენავ ჩემო,

დედაო ენავ,

შენ,ჩემო ნიჭო,

სრბოლავ და ფრენავ,

შენ,ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო,

შენ, ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო,

შენ,კირო ჩვენო ქვათა და კირთა,

შენ ერთს,

შენ ვერ გთმობ,

სამარის პირთან.