შოთა ნიშნიანიძე – “შემოქმედება თურმე ჯვარცმაა”

შემოქმედება თურმე ჯვარცმაა,

თუკი ატარე ნამუსის ქუდად,

არ გაგიკვირდეს არცერთი მარცხი,

წარმატება კი,გიკვირდეს მუდამ.

***

ზოგ გამარჯვებას სდევს ანათემა,

ზოგ დამარცხებას – დიდების ბუკი.

ბევრი ცრურწმენა გადანათდება

ჯორდანო ბრუნოს კოცონის შუქით.

***

და თუ ცხოვრება მართლაც ომია

და თუ იღბალი ვარსკვლავს ჰგავს ცთომილს,

შემოქმედება ასჯერ ომია,

ყველაზე დიდი და მძიმე ომი.

***

მხოლოდ ამნაირ ომებს სალამი!

ომში ვარ… ვიბრძვი,ფანდებს ვიგონებ…

ჭრილობებს როდი ვითვლი – არამედ

ჭრილობებივით დახსნილ სტრიქონებს!

***

შევურიგდები ბევრ განქიქებას,

ბევრ დამარცხებას, – საშინელს ყოვლად,

მაგრამ ვერასდროს შევურიგდები

საკუთარ თავთან წაგებულ ბრძოლას.

***

ზოგ გამარჯვებას სდევს ანათემა,

ზოგ დამარცხებას – დიდების ბუკი,

ბევრი ცრურწმენა გადანათდება

ჯორდანო ბრუნოს კოცონის შუქით.

***

შემოქმედება თურმე ჯვარცმაა,

მოყვრის სიმცირე და მტრის სიმდიდრე.

არ გაგიკვირდეს არცერთი მარცხი,

გამარჯვება კი მუდამ გიკვირდეს.