ანზორ აბულაშვილი – “წუხელის ბიჭი დაბადებულა”

წუხელის ბიჭი დაბადებულა,

გადაჭარბებად თუ არ ჩამითვლით,

ისეთი ბიჭი დაბადებულა,

დაურქმევიათ თურმე დავითი!

***

წუხელის ბიჭი დაბადებულა,

დაურქმევიათ იმისთვის – ცოტნე,

შენ – ორგულობავ,აბა გაბედე

და ჩვენი გული ისევე კორტნე.

***

წუხელის შოთაც დაბადებულა,

დაბადებულა თურმე დემეტრე,

განგებავ,ჩვენი საქართველოსთვის

რა სიხარული გამოიმეტე!

***

წუხელ ცის კარი ყველა გააღო

ყველა გმირმა და თავდადებულმა,

დაბადებულა თურმე ვახტანგი,

წუხელ დემეტრე დაბადებულა!

***

საქართველოს ცა,ისეც მაღალი,

უფრორე მეტად ამაღლებულა,

დაბადებულა მთვარე-გიორგი,

თურმე ილია დაბადებულა!

***

წუხელის მტერი -

ერთპირად ჩვენი

მოსპობის მდომი-დადარდებულა;

დაბადებულა თურმე სულხანი,

გრიგოლ ხანძთელი დაბადებულა.

***

დაბადებულა ბიჭი პაატა.

გათენებულა წუხელის თეთრად

დაბადებულა სამასი გმირი,

ვით დაიხოცნენ,

ისევე ერთად!

***

წუხელის გოგოც დაბადებულა,

ცის ნამი,ცისფრად ნაკამკამარი,

ისეთი გოგო დაბადებულა,

დაურქმევით თურმე თამარი.

***

დაბადებულა წუხელის ნინო

და ქეთევანი დაბადებულა,

ის ბნელი ღამე თურმე უეცრად

ღვთიურის ნათლით განათებულა.

***

ყველა ზღაპარი – ნაოცნებარი

ახდენილა და გამართლებულა;

დაბადებულა თურმე ნესტანი

და თინათინი დაბადებულა.

***

და გიხაროდენ!

ქართველთა შორის

ღვიძლ ძმათა ხიდი კვლავ გადებულა

და ერთიანი,ნანატრი დროის,

ქართლი ხელახლა დაბადებულა!