მამა პეტრე – “პეტრე”
გამომაღვიძა მამლის ყივილმა,
და პეტრე ტალღებს ესროდა ბადეს.
სული ჯვარს აცვა ღამე ტკივილმა
და საიდუმლო ქვესკნელში ჩადეს.
***
განთიადამდე დრო იყო კიდევ,
მაგრამ სარკმელთან წუხდა მამალი,
ცრემლებით მინდა სინანულს ვმკიდე,
ვერ მოვამზადე ცოდვის წამალი.
***
ბადეს ამოყვა კიდობნის ძელი,
პეტრე კი თევზებს ღიმილით თვლიდა,
ვერ შევაშველე ბორკილი ხელი,
განთიადამდე გულდასმით წვიმდა.
***
პეტრემ რომ ბადე მიაგდო გვერდზე,
მე ავედევნე უცხო ნაპირებს,
მერე მახვილი ვიგრძენი მკერდზე,
არ ვიცი,ახლა ის რას აპირებს.
***
სამგზის უარყო მოძღვარი მისი,
სულში აყივლდა პეტრეს მამალი,
უფალთან დგომის კვლავ გახდა ღირსი,
პეტრე-მომეცი შენი წამალი.
***
ნაპირთან ბადე ცრემლით შევკერე,
და წამოდგომის ვიგრძენი გემო,
არ მინდა მამლის ყივილის მერე,
მერეც უარგყო,იესო ჩემო…