გრიგოლ აბაშიძე – “ღმერთო…”
ღმერთო,იქნება მე ღირსიც არ ვარ,
რომ მოგაწვდინო ცაში ლოცვანი.
მივყვები დღეთა გადათვლილ ქარვას,
გასრულდა ჩემი კრიალოსანი.
***
ჩემი სანთელი ჩემ თვალწინ ქრება,
ვაი,რომ ზოგჯერ შენთვის არ ენთო!
მე სულ ვამბობდი სიცოცხლის ქებას,
სიკვდილთან ცოტა მქონდა საერთო.
***
მომეც ძალა და მომმადლე რწმენა,
ეშმაკის ძლევად და საზიანოდ,
აღსარებისთვის ამიდგი ენა,
შენს საიდუმლოს რომ მაზიარო.
***
და მე შენდობის ღირსი თუ არ ვარ,
ქარს გაატანე ჩემი ლოცვანი…
მივყვები დღეთა გადათვლილ ქარვას,
გასრულდა ჩემი კრიალოსანი.