მორის ფოცხიშვილი – “ცოცხალ დედინაცვალს მკვდარი დედაჩემი მირჩევნია”

ცოცხალ დედინაცვალს

მკვდარი დედაჩემი მირჩევნია,

ამდენ ყალბ ღიმილს

ერთი წრფელი ცრემლი მირჩევნია.

***

გუდრონ-ფილანქანს

აბალახებული მიწა მირჩევნია,

უცხო ლიანდაგს

ჩემი საცალფეხო ბილიკი მირჩევნია.

***

ღვინოს დამადლებულს

დაუმადლებელი წყალი მირჩევნია,

ლხინს გალიაში

ცაში სიკვდილი მირჩევნია.

***

სამეფო ხალათს

უფლის გაცრეცილი კვართი მირჩევნია,

უაზრო ლაპარაკს

უაზრო ხეტიალი მირჩევნია.

***

ერთობის თამაშს

აშკარა მტრობა მირჩევნია

და ამდენ ტრაბახს,

სულაც ხმის ჩაწყვეტა მირჩევნია.

***

სრულ ჭკუაზე მყოფს,

გაგიჟებული გული მირჩევნია,

 ამდენ მაძღარ ძაღლს,

ერთი მშიერი მგელი მირჩევნია.

***

ყველა ჩირაღდანს

ერთი საშობაო სანთელი მირჩევნია

და ცოცხალ დედინაცვალს

მაინც – მკვდარი დედაჩემი მირჩევნია.