გალაკტიონ ტაბიძე – “მოვა… მაგრამ როდის?”

შორეული ქალის ეშხი

მოვა… მაგრამ როდის?

სიყვარული სასახლეში

მხოლოდ ერთხელ მოდის!

***

ასეთია ნაზი ბედი,

ბედი რჩეულ ფერის;

სიცოცხლეში თეთრი გედი

მხოლოდ ერთხელ მღერის!

***

ყვავილები უხვად არის

დენდის… მეფე მონის.

ქარში ათრობს არემარეს

ოხვრა ტრიანონის.

***

და ლანდებად თეთრ სარკეზე

ჩნდება სახე მკრთალი

შუაზელი,ესტერგეზი

და თვით დედოფალი.

***

ზრდილი,ნაზი და მეფური,

ჩემი ძველისძველი

ლექსი არის უნებური

სიზმრით შემმოსველი.

***

მხოლოდ თეთრი შადრევნებით

მე ვერსალის ბროლი,

მაცდურ თვალის გადევნებით

მტანჯავს მსუბუქ-მქროლი.

***

დედოფალო! ლურჯა რაში

მიჰქრის საშიშ-ჩქარი

და ბილიკი ლურჯ ქვიშაში

მიაქვს მძაფრი ქარი!

***

მიჰქრის დალალგადაყრილი:

დოვინ,დოვენ,დოვლი…

თოვლი,ფიფქი და აპრილი,

ვარდისფერი თოვლი.