შოთა ნიშნიანიძე – (შეიბ მახვილი!)

ჰაუ,რა ცაა! რა მიწაა! ჰაუ,რა მზეა!

რა მათრობელა სიცოცხლე და სილამაზეა!

მათრობელაა ჰაერი და მზეც მათრობელა,

მთვრალივით მღერის აქ უბრალო ჭრიჭინობელა.

***

შენც არ დაგბანგოს… არ ჩაგთვლიმოს… სულ იმას ვშიშობ,

ჩემო მამაცო,მშვენიერო,ამაყო ჯიშო,

შეიბ მახვილი! შეისმინე მგოსნის ძახილი,

ოღონდ ფუნჯი და ნამგალია შენი მახვილი.

***

ეძინოს მტრობას,შუღლს ეძინოს… ეძინოს მითებს,

ეძინოს წარსულს,უფრო დიდი წარსულის კლიტეს, -

არა შენს სინდისს,არა შენს სულს,არა შენს ხსოვნას,

არა შენს იმედს,შენს ჭრილობებს – დიდებულს ყოვლად.

***

ქართველმა კაცმა,მეციხოვნემ და მევენახემ

შენი სიმდიდრით,სილამაზით რომ შეინახე,

ადგა,სიტყვაში გადაგმალა,სიტყვაში ჩაგსვა,

მტერმოძალებულს რაკი მაინც არ ჰქონდა სხვა გზა.

***

მხოლოდ ქართველმა კაცმა უწყის ღმერთის წინაშე,

რა სილამაზე,რა განძი ძევს ქართულ სიტყვაში.

დღეა თუ ღამე – მე გიღვიძებ სიხარულს,ტკივილს,

თავწასაგდები მამალივით ვყივი და ვყივი:

***

არ ჩაგეძინოს,არ ჩაგთვლიმოს,შეიბ მახვილი,

შეიბ მახვილი! შეისმინე მგოსნის ძახილი, -

ოღონდ ფუნჯი და ჩაქუჩია შენი მახვილი,

შეიბ მახვილი!

შეიბ მახვილი!