გრიგოლ აბაშიძე – “სინდისის განაჩენი”

იჯდა ქრისტე და მდუმარე დიდხანს,

სილაზე თითით რაღაცას წერდა,

ჩაქოლვის დასტურს ელოდნენ მისგან,

და არ ცხრებოდა ყაყანი მტერთა.

***

შუაში იდგა ტურფა ასული,

შიშით ელოდა სასტიკ ბრძანებას,

წამით შეირხა ფიქრში წასული

ქრიტე და წერას თავი ანება.

***

- ამ,ქალს საჯაროდ მრუში უწოდეს -

თვალს ავლებს იქ მყოფთ,გულთამხილველი, -

ნება აქვს მხოლოდ ყოვლად უცოდველს,

ქვა რომ ესროლოს ცოდვილს პირველი.

***

და ყველამ ჰკითხა სინდის ნებართვა,

თუ აქვს ნებართვა ტყორცნა ითავოს?

ქვის სროლად ხელი ვერვინ შემართა,

უხმოდ გაშორდნენ მსხვერპლს სათითაოდ.

***

ეს განაჩენი დღეს რომ გვსმენოდა,

სულით მაღალის და გულით წმინდის -

ცოდვილს პირველი ცოტა ესროდა?

ბევრი ჰკითხავდა ნებართვას სინდისს?