ვაჟა ფშაველას ნააზრევი…
„რაკი განგებამ, ჩვენმა ბედისწერამ, სოფლური ცხოვრება დაგვიწერა, სოფლად უნდა სწავლა-ცოდნა მოვიშველიოთ. საცა სწავლაა, ქალაქიც იქ არის, თვით უდაბნოც სწავლის ძალით უნივერსიტეტად გარდაიქმნება.თორემ სულ ამ ვითარებაში რომ დავრჩეთ, ათასი წელიც რომ გავიდეს, ისევ ესენი ვიქნებით, რაცა ვართ.
ნასწავლი ხალხი სოფელსაც ქალაქად გარდაჰქმნის. რა ნაკლსაც ჩვენს თავს ვამჩნევთ, მტერი და მოკეთე გვაყვედრის, ყველა ის, ვიმეორებ, ჩვენის უცოდინარობით და შეუგნებლობით გვემართება. ჩვენს ერს რომ შეგნება ჰქონდეს, განა ესე თავ-პირის მტვრევით ვივლიდით ცხოვრების გზაზე? განა ჩვენი საზოგადო საქმეები ასე დაცარული და განაცარტუტებული იქნებოდა; შეგნებული მცოდნე საქმისა, თუ მთელი ერი არა, უმრავლესობა მაინც უნდა იყოს!
სად არის ჩვენთან გრძნობა თავის დაცვისა? ან ფიქრი იმაზე, რა მიზეზითაც დავძაბუნდით? რომ არც ერთია და არც მეორე, კიდეც იმიტომ არც ხეირია ჩვენკენ. შეგნება ხმალია ამ წუთისოფლის ბრძოლაში, ხოლო გრძნობა თავის დაცვისა – ფარი. ჩვენ ხელში ჯოხიც კი არ გვიპყრნია, ან რად გვინდა, როცა ბრძოლაში მონაწილეობას არ ვიღებთ?!.
დიაღ, ეს არის ჩემი საფიქრებელი: ან გავნათლდეთ და ან გავმრავლდეთ, და ორივე თუ ერთად მოხერხდება, ის უკეთესია”… (ავტორი გენია.ჯი)