ვაჟა ხორნაული – “ბალახის მეზობელი”

რა სასწაული აჯობებს

წყაროსთან ერთად ლხენასა

ან – ფრინველების მხარდამხარ

თავდავიწყებულ ფრენასა

ან – შორეული ნათების

გულიდან გულში დენასა

ან – მონატრებულ ეზოში

რომ გაშლი ნაბდისძველასა

და გრძნობის მეათასედსაც

ვერ ათქმევინებ ენასა.

***

რა სასწაული აჯობებს

მზის საკრავების ჟღერასა

ან – მწვერვალების სიხარულს -

კრიალა ცაზე ელვასა

ან – უდაბნოში ღრუბლიდან

მარგალიტების ცვენასა

ან – სიცოცხლესთან კამათსა

(პასუხებს ამბობს ჭრელასა)

ან – დარდის არდაბერებას

და ასე გადარჩენასა…

***

რა სასწაული აჯობებს

გზას – არცა რისა ფერასა

და ქვესკნელიდან ამომყვან

ღმერთის ხმასა და მზერასა.