ბაჩანა რაზიკაშვილი – “ვინა სთქვა საქართველოზე”
ვინა სთქვა საქართველოზე,
“ეგ არის ლომი კვდებაო,
ჩაუხდა ბედის ვარსკვლავი,
მალე მზეც გაუქრებაო,
თავს დასტრიალებს ყორანი,
დასჩხავის ზედიზედაო?!”
თვალთამც დაჰბზარვენ ყორანნი,
გამაგრდი ქართვლის დედაო!
ბევრმა გვიქადა კვლავაცა,
ბევრმა იუბა ესაო,
ბევრმა გვიკრიჭა კბილები,
ჩუმად ფრანგული ლესაო.
ცუდად წაუხდათ ქადილი,
ვერრას გამოჰრჩნენ ვეფხვსაო,
ლეკვები წამოეზარდნენ,
მტრებზედ ილესენ ბწკლებსაო,
გამოდით,ქართვლის შვილებო,
ერთად შევნივთვდეთ ძალები,
წავიდეთ მტერზე რისხვითა:
ბევრი გვიმართებს ვალები,
დაე,სულ დავწყდეთ,რა ვუყოთ,
დაე,დაგვიწყდეს მკლავები:
დედანი დაგვიტირებენ,
ცრემლებს დაჰღვრიან ქალები,
საფლავს არ შეძრწუნდებიან,
ჩვენთა წინაპართ ძვალები.