ლადო ასათიანი – “ჩემი ქვეყნის ოქროყანა”

ჩემი ქვეყნის ოქროყანავ,დიდი გარჯით მოწეულო,

სიწითლისგან დაბრაწულო,კანდამწვარო ბროწეულო,

ნაცრისფერი ღრუბლის ძნებო,ფიჭვის ტევრში გარეულო;

მეგობრებო,მეზობლებო,შინაურო,გარეულო,

ცხენისწყალის ხეობაო,დაღარულო,დასერილო,

ხვამლის მთაზე გადასულო თეთრო ნისლო აფრიანო,

შენი თეთრი ბაირაღი სანამ უნდა აფრიალო?!

ერთო ქალო,თეთრო ქალო,ქალო ბაგეთაფლიანო,

თავთავებით ოქროსფერად მოსირმულო მთავ ფრიალო;

მთებო,მთებო,რუხო მთებო,ნისლების თავსაფრიანო,

ზვარო,ზვარო ჯიშიანო,ოჯალეშის ჯიშის ზვარო,

ზვარო მტევნებგიშრიანო,გლეხი კაცის სანუკვარო;

ფიჭვის ტყეო,ფიჭვის ტყეო,ნისლები რომ იტვირთეო,

ნისლის ნამში განბანილო,მთაო გულმკერდგადაშლილო,

მთის გულ-მკერდში დამალულო ოქრო,ვერცხლო,ქვანახშირო,

საქართველოს სიხარულო -ცხენისწყალო და ენგურო,

და მამაულის სიყვარულო,ხალხის გულში დანერგულო;

მშობლიურო მინდორ-ველო,სიცოცხლეო საამურო,

მწვერვალებზე ანამღერო მწყემსი ბიჭის სალამურო.

მოსავალო ჭირნახულო,დილის ცვარით დანამულო

და ბულბულო,ხმაწკრიალავ,ბუჩქნარებში განაბულო;

თვითმფრინავო ცაში ლაღო,მთებთან ახლოს მოფრენილო,

ქვევით ქვეყნის ედემ-ბაღო,ია-ვარდით მოფენილო,

კვახის ლერწო გაბადრულო,ჩაქარვულო ტაროებო,

მიწის მკერდზე გაფანტულო ღელეებო,წყაროებო,

შემოდგომავ შემოქმედო,შემოდგომავ მადიანო,

მტერმა განა,შემოგხედოს,გული დაუდარდიანო.

ცხენისწყალის სანაპიროვ და ღამეო შავთვლიანო.

აქოჩრილო რთხმელის ტყეო,ბარდებო და იელებო,

მეგობრებო,მეზობლებო,ახოვანო ჯეელებო,

ბედნიერი ხალხის გარჯავ,გმირობის და ძმობის ყანავ, -

იძლიეროს მისმა მაჯამ,ვინც დაგთესა მოგიყვანა!

ჭირნახულით დატვირთულო ბეღლებო და ნალიებო,

გამრჯელისთვის გატენილო,უქნარასთვის ცარიელო,

ხეო,ვაშლით გაფერილო,ტალავერის ჩეროებო,

სამხრეთისკენ გაფრენილო ყელმოღერა წეროებო,

მეგობრებო,მეზობლებო,შინაურო,გარეულო,

ნაცრისფერი ღრუბლის ძნებო,ფიჭვის ტევრში გარეულო,

ვარდებო და ყვავილებო,ბარდებო და იელებო,

ახოვანო ვაჟკაცებო,უშიშარო ჯეელებო,

კოლხელებო,ქართლელებო,კახელებო,მთიელებო, -

თქვენთვის მინდა ავამღერო ლექსი ჩემი ახლებური,

თქვენთვისა მაქვს გულის კარი სასიმღეროდ გაღებული,

მინდა ლექსით გესაუბროთ,დაგირხიოთ ხმა სალხენო

და ქართველი მგოსნის ცანგი ამ სიმღერით ვასახელო!